ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრი

გაზზე მომუშავე ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება 1 აპრილამდე უნდა მოხდეს

ambebi.ge

ავტომობილში ჩაყენებული აირის შემოწმება 1 აპრილამდე ყველამ უნდა გაიაროს. მთავრობამ ეს დადგენილება ისე მიიღო, რომ გაზზე მომუშავე ავტომანქანების მძღოლებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

მძღოლებს მანქანის ტექნიკური დათვალიერებისთვის ვადა 1 აპრილამდე აქვთ. ამის შემდეგ კი სპეციალური ფულადი ჯარიმები ამოქმედდება. ვინც ტექდათვალიერების სპეციალურ საბუთს ვერ წარადგენს, 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. სპეციალური ნიშნის არმქონე მანქანებს კი გაზგასამართ სადგურზე დატუმბვის უფლებას არ მისცემენ.

ჯერ უცნობია, სად მოხდება გაზზე მომუშავე მანქანების ტექნიკური შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რამდენიმე კერძო სადგური უკვე არსებობს, ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრმა მაინც გამოაცხადა კონკურსი, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ახალი სახელმწიფო ნებართვის მქონე სერვისცენტრი შეიქმნას, სადაც გაზზე მომუშავე მანქანები შემოწმდება.

"ვინც მოინდომებს აკრედიტაციის გავლას და ვინც დააკმაყოფილებს კომპეტენტურობის მოთხოვნას, იმას მიეცემა აკრედიტაცია", - განაცხადა აკრედიტაციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა, პაატა გოგლიძემ.

გაზზე მომუშავე ავტომანქანების ტექნიკური შემოწმების სერვის ცენტრებისთვის აკრედიტაციას ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური სამსახური გასცემს. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, არც ერთი არსებული ცენტრი სტანდარტს არ აკმაყოფილებს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ტექდათვალიერება გარკვეულ ბიზნეს ინტერესებთანაა დაკავშირებული.

"ჯერჯერობით არც ერთი ლაბორატორიით აღჭურვილი ცენტრი არ არსებობს, რომელმაც შეიძლება გაატაროს ეს ტექნიკური შემოწმება. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, თუ ეს წინასწარ იყო გათვლილი და უკვე ცნობილია ის კომპანიები, რომლებიც ამას განახორციელებენ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებასთან არსებობდეს გარიგება", - განაცხადა საზოგადოებრივი ინიციატივის წევრმა, ვასილ ურუშაძემ.

გაზზე მომუშავე მანქანების დათვალიერება, მინიმუმ, 60 ლარი ეღირება. სწორედ ამიტომ საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მოსახლეობას ეს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვება.

შემოწმება სავალდებულოა და მისი გავლა 1,3 და 5 წელში მოუწევთ.

კომენტარები