რუსთავი 2-ის საქმე

უგულავა მხარდამჭერებს: არ მინდა, მათ დავემსგავსოთ, ვინც გვარბევს

არ ვაპირებ სასამართლოს უსამართლობაზე საუბარს. ეს მოცემულობაა. მოცემულობაა ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრივატიზაციის შემდეგ მედიის სრული უზურპაცია. მედიისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე ჩვენ დავკარგავთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესაძლებლობას. თავისუფლება ადამიანის ბუნებაა. ამიტომ, საბოლოოდ თითოეულ მოქალაქეზე და მის აქტიურობაზე დადის – შევდგებით თუ არა თავისუფლების მოყვარულ ერად. ასეთ ვითარებაში უდიდესი როლი აკისრიათ პოლიტიკურ პარტიებს და განსაკუთრებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მთავარ პოლიტიკურ ძალას. მე ვარ ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მინდა მოგმართოთ ჩვენს მომხრეებს: თქვენ გარბევენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, გდევნიან, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებს. თქვენ გაბრაზებული და აღშფოთებულები ხართ, მაგრამ არ მინდა, მათ დავემსგავსოთ, ვინც გვარბევს. ბოღმამ და შურისძიებამ არ უნდა დაისადგუროს ჩვენს გულში. მხოლოდ ასე შევძლებთ მთელ საზოგადოებას ვაჩვენოთ მაგალითი, რომ წინ უნდა ვიყუროთ და ქვეყანა კრიზისს ავაცილოთ. სწორედ ლიდერს აქვს ეს პასუხისმგებლობა და თქვენ დღეს ხართ ლიდერი და უნდა იყოთ სიმშვიდის მაგალითი. მინდა, მივმართო ივანიშვილს: ჩვენ უკვე საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს, ახლა თქვენ ჩვენთან ბრძოლით მხოლოდ ქვეყანას აზიანებთ. ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინაშე და ეს უფსკრული დღეს ჩვენ გვიყურებს თვალებში.

თბილისის ყოფილი მერი, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები