ფარული ჩანაწერები

გვარამია: ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი, დამონტაჟებულია

ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ და საქართველოს მთავრობის უმძიმესმა მარცხმა სრულიად ისტერიკაში და პანიკაში ჩააგდო საქართველოს მთავრობა, რომელიც ისედაც ბოლო დღეების განმავლობაში სრულიად პანიკურია, მაგრამ განსაკუთრებით მწარეა ალბათ და უკიდურესად სამარცხვინო საქციელი გვაქვს დღეს სახეზე. პირველ რიგში, ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან. საიტი, რომელზეც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ჩანაწერები, რომელიც არსებობს, არის FSB-ს მოპოვებული და საქართველოს ხელისუფლებას ეს ჩანაწერები აქვს რუსული სპეცსამსახურებისგან. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ჩემი უფლებების უმძიმესი დარღვევა. ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავენ და ორი იყო დღეს ასეთი ტელევიზია - ტელეკომპანია იმედი და პირველი არხი. მათ საყურადღებოდ უნდა ითქვას, ისინი დღეს ნებსით თუ უნებლიეთ გამოდიან ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები. გამოძიება აუცილებლად წარიმართება ამ მიმართულებით, რათა დადგინდეს, როგორი არის თანამშრომლობა FSB-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ეს გამოძიება, ცხადია, რომ დღეს ვერ ჩატარდება. ამ გამოძიებას ჩაატარებს მიუკერძოებელი პროკურატურა, ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული და, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაიკითხება ჩემ მიერ ხსენებული ორივე არხის კომპეტენტური პირები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იცოდნენ მათ ამ მასალების ატვირთვამდე საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია, როგორ დაიწყეს სინქრონების ჩაწერა, ანუ კომენტარების ჩაწერა მანამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა, როგორ გაუშვეს მყისიერად ეს ინფორმაცია როგორც კი აიტვირთა, წამიდამ წამში და ვინ იყო ის თანამდებობის პირი, ვინც ამის შესახებ მათ აცნობათ. ეს დაინტერესება მიუკერძოებელი, ობიექტური და პატრიოტი პროკურატურის მიერ აუცილებლად იქნება გამოხატული და თქვენ, მეგობრებო, აუცილებლად მოგიწევთ ამ ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. ხოლო ის, ვინც ასეთ დავალებებს იძლევა და ამით ადასტურებს, რომ თანამშრომლობა მიმდინარეობს ქართულ უშიშროებასა და რუსულ უშიშროებას შორის, ჩადის დანაშაულს და აუცილებლად დაისჯება. რაც შეეხება უშუალოდ ჩანაწერს, მთავარი, მე არ ვადასტურებ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმაა, თუმცა, მე მსგავსი საუბრის ჩანაწერი, მიყოლებით ასეთი შინაარსი არ მახსოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

კომენტარები