რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მოვითხოვთ, გამოიძიონ, როგორ გააფორმეს და დაარეგისტრირეს დოკუმენტი

ის დოკუმენტი, რომელიც აფრიალდა, არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფო ორკესტრირებულად მოქმედებს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. დოკუმენტი ნოტარიულად გაფორმდა სრულიად უკანონოდ, იმიტომ, რომ ეს არ არის მინდობილობა, ეს არის მინდობის ხელშეკრულება, რომელსაც სჭირდება პირთა ორმხრივი ნების გამოხატვა. შესაბამისად, სჭირდებოდა ზალიკოს ხელმოწერა, რასაც ადგილი არ ჰქონია. მაგრამ ნოტარიუსზე უფრო მძიმე გადაცდომა ჩაიდინა რეესტრმა, რომელიც ვალდებულია, დაახარვეზოს ასეთი ტიპის დოკუმენტი, მან კი წუთების განმავლობაში მოახდინა ამ დოკუმენტის რეგისტრაცია. სახეზეა ორი პირის მიერ ჩადენილი დანაშაული - ერთია ნოტარიუსი და საჯარო რეესტრის წარმომადგენელი. ეს უნდა გახდეს აუცილებლად გამოძიების საგანი. იმიტომ, რომ ზალიკო დააყენეს პოტენციურად სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ. მოვითხოვთ გამოძიებას, როგორ მოხდა გაფორმება და შემდეგ რეგისტრაცია. ვაცხადებთ, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი და არის ბათილი. არ ახლავს საჭირო რეკვიზიტი, მეორე მხარის ნების გამოვლენა. გამოსავალი ერთადერთია - დვალმა და საყევარიშვილმა აიძულონ ხალვაში, აღიაროს ჩვენი საჩივარი სასამართლოში და ეს პროცესი ამოწურული იქნება მყისიერად. ეს არის ლეგიტიმური და ეფექტიანი გამოსავალი. რაც შეეხება ბოდვას, რომ აქ ვინმე ტექნიკის დაზიანებას აპირებს, ნუ ფიქრობთ თქვენი გაფუჭებულობის ხარისხიდან გამომდინარე.

ამბობს რუსთავი 2-ის უფლებამოსილებაშეჩერებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

კომენტარები