მოლაპარაკებები გაზპრომთან

მამათელაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ გაზპრომს საქართველოში კომერციული მიზნები აქვს

დივერსიფიკაცია კეთდება იმისთვის, რომ გარკვეული რისკები შემცირდეს და კომერციული პირობები გაუმჯობესდეს. თუ სახელმწიფო ახორციელებს დივერსიფიკაციას, ეს ან ერთ ან მეორე მიზანს უნდა ემსახურებოდეს. გაზპრომს ვერ დავარქმევთ კომერციულ ორგანიზაციას და ვერ ვიტყვით, რომ მას რაღაც კომერციული მიზნები აქვს საქართველოში. ის წელიწადში დაახლოებით 600 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მოიპოვებს.  თუ ვამბობთ, რომ მონეტიზაცია უნდა მოხდეს 200 მილიონი კუბური მეტრის, გამოდის რომ საუბარია 14 მილიონ დოლარზე. ეს გაზპრომისთვის ძალიან მცირე თანხაა. გაზპრომი ცდილობს უფრო მეტად შემოვიდეს საქართველოში, რადგან მას რეგიონში პოზიციები შეუსუსტდა, მხოლოდ სომხეთს აწვდის ახლა გაზს. თუ საუბარია მხოლოდ 10%-ის მონეტიზაციაზე, ეს ძალიან უმტკივნეულო ოპერაცია უნდა იყოს მაშინ. ამის ახსნა შეიძლება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერ გავიგეთ რა ხდება. თუ დავაკვირდებით, საქართველოში გაზის შემოტანის სტრუქტურას, ვნახავთ რომ აზერბაიჯანიდან ჩვენთან შემოდის სოციალური გაზი, რომელიც იაფია. აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის ფასი კომპლექსურია - ნაწილი კომერციულია, ნაწილი სოციალურია და ნაწილი შაჰდენიზის გატარების სანაცვლო. მათი მიქსი იძლევა საშუალო ფასს. თუ ჩვენ რომელიმე ნაწილს ამოვაგდებთ, არაა გამორიცხული რომ ეს სხვაზეც იმოქმედებს. მაგ. კომერციული გაზის აზერბაიჯანიდან ყიდვაზე თუ უარს ვიტყვით, მათ შეიძლება თქვან რომ სოციალურ გაზს აღარ მოგაწვდით. ერთი პირობა როცა ირღვევა, არაა გამორიცხული სხვა პირობებიც დაირღვეს. 

ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე

კომენტარები