არჩევნები 2016

ჯაფარიძე: მეორე ტურში ხმას მივცემ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ

მე არ მჯერა, რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს, ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. არც იმის მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე 'რამაზ ნიკოლეიშვილი' პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს. მეტიც, მე მჯერა, რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა. ენმ-მ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ენმ-მ არ შეამცირა ბიუროკრატია, რადგან სჭირდებოდა 'ადმინისტრაციული რესურსი' ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ენმ-მ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო როგორც 'ერთადერთი პროდასავლური ძალა' პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.

მე ასევე არ მჯერა, რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს, საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ, არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის ოცნებისთვისაც, მიუხედავად იმისა, მოგწონს ოცნება თუ არა.

აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. გირჩის წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო. მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ. მესმის, რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე.

პოლიტიკური ცენტრი - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

კომენტარები