ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: მე სიტყვა "მოღალატე" არ გამომიყენებია

დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა "მოღალატე" არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ, გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია.

20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში. ცნობისთვის, 20 დეკემბერს, ზუგდიდში, ენმ-ის კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და თქვა, რომ “საკმარისად დიდი ხანი ვითმინე, ბევრი რამ ვიცი. ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი, რა ლაპარაკებზეა საუბარი, ვინ ვის რას პირდება". ამასთან, სააკაშვილმა თანაპარტიელების ნაწილს, "ყოფილი თანაგუნდელები" უწოდა და თქვა, რომ "დაფიქსირება იმის, რომ რაღაც რყევებია, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და ასევე ”ნაციონალურ მოძრაობაზე“. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა".

კომენტარები