სტრასბურგის სასამართლო

გოცირიძე: განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ

განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ მთელი არასამთავრობო სექტორისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ერთი საერთო მიზნით შთაგონებულებმა, წერილები აფრინეს ჩემს წინააღმდეგ ხსენებულ კომიტეტში. თვით სახალხო დამცველმაც არ ითაკილა ბევრი აუგის თქმა ჩემი მისამართით ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან. როგორც არ უნდა გაიკვირვოს ბატონმა უჩამ, ეს ამბავი მეც შევიტყვე სრულიად სხვა წყაროებიდან. არავის ვსაყვედურობ, ან რა უფლება მაქვს ვინმეს ავუკრძალო იმოქმედოს თავისი ნება-სურვილის შესაბამისად. სწორედ ეს არის სინდისის თავისუფლება - უფლება იმოქმედო ისე, როგორც ამას გკარნახობს საკუთარი სინდისი. მაგრამ საქმეც ისაა, რომ სინდისის თავისუფლება ემყარება ადამიანის ღირსებას და მის უნარს - გაარჩიოს „კარგი“ და „ცუდი“, „კეთილი“ და „ბოროტი“. თუ დასახელებულ პირებს მიგაჩნიათ, რომ მე ვარ „ცუდი“ და „ბოროტი“, გზა ხსნილია, თქვენთვის, ბატონებო. [..] შედეგად მივიღეთ ის, რომ სიის ჩავარდნის გამო ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა და მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს. მოკლედ, მიზანი უკვე მიღწეულია, მიზანი, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს.

ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში მისი კანდიდატურის ჩაგდების შესახებ წერილს ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" აქვეყნებს. საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ ჩააგდო. ამას ომბუდსმენს, ადვოკატთა ასოციაციას და ენმ-ს აბრალებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.

კომენტარები