ელენე ხოშტარია

ხოშტარია კალაძეს: ხელისუფლება ვალდებულია ესაუბროს იმ ოპოზიციასაც, ვინც არ მოსწონს

კახი კალაძეც უშვებს ძალიან ტრადიციულ, ფუნდამენტურ შეცდომას მსგავსად ივანიშვილისა და ქართული ოცნებისა, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას განსაზღვრავს ხელისუფლება. ოპოზიციას განსაზღვრავს ხალხი და მოსწონს თუ არა, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის. ხელისუფლების ვალდებულებაა ესაუბროს ოპოზიციას. მათ შორის მათ, რომელიც არ მოსწონთ. იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტა ხალხმა. თუ ამას ვერ გაიგებს თბილისის მერი, მას ძალიან გაუჭირდება დემოკრატიულ ჩარჩოში რეალურად წარმოადგენდეს მთლიანად თბილისს და არა ქართულ ოცნებას. ჩვენ, ევროპული საქართველო ვართ შედეგზე ორიენტირებული ოპოზიცია. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ვიყოთ და მათი სატკივარი მივიტანოთ, მაგრამ აქ გადამწყვეტი არის შედეგი, ხალხის დაკვეთა რამდენად იქნება ასრულებული და მიღებული ქართული ოცნების მხრიდან. ტაქსების მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც ჩვენ სხვადასხვა გააზრებული არგუმენტით ავხსენით თუ რატომ არ შეიძლება გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე მოძრაობის მოწესრიგება ან ეკოლოგიის ვითომ გაუმჯობესება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მოულოდნელად ვნახეთ, რომ უკვე პარლამენტში არის შეტანილი რეგულაცია, რომელიც პირველ რიგში დაარტყამს გაჭირვებულ ადამიანებს და რეალურად ეს გამოსწორების გზა არ არის. შედეგი პირველ რიგში უნდა იყოს ხალხისთვის და ამ შედეგზე ვიქნებით ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული.

ელენე ხოშტარია თბილისის მერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მერია ევროპულ საქართველოსთან თანაშრომლობს, რადგან ისინი კონსტრუქციულები არიან, მაგრამ "დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან", ნაციონალურ მოძრაობასთან არ აპირებებენ თანაშრომლობას. ასე განმარტა კახა კალაძემ მისი მოადგილის საკრებულოში ოპოზიციასთან და ბიბლიოთეკარებთან შეხვედრაზე არ მისვლის მიზეზი.

კომენტარები