სექსუალური შევიწროება

წულუკიანი: სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილით

ძალიან სამარცხვინოა როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით. მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ეს არის ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც „რუსთავი2-ის“ ეთერში სახე დაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის. იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად მან იკადრა ტყუილი როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავიამეთქი. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები, რაც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცემათ საშუალება რომ მშვიდ პირობებში, სასამართლოში განიხილონ. როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან, მან მოიტანა საქმის მასალები, რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა და მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არც ერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში.

თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ეკა მესხიძემ მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში დაადანაშაულა.

კომენტარები