დეკანოზი თამაზ ლომიძე: გეტყვით პირიქით - დღეიდან კაცებმა ქალებს უნდა დავბანოთ ფეხი

აღდგომის ბრწყინვალე დღეები დამწუხრდა იმით, რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ძალიან სასტიკად და ორი პატარა ბავშვი დარჩა ობლად. რაც ბოლო წლებში ხდება, ამდენი ქალის მკვლელობა კაცებისგან აქამდე არასდროს მომხდარა. ეს არის ერის ტრაგედია. ამაზე უნდა ისაუბროს ყველა მღვდელმა, ყველა ეპისკოპოსმა, მთელმა ეკლესიამ. 

განკაცებულმა ქრისტე ღმერთმა თავის მოციქულებთან გაიხადა სამოსელი, აიღო პირსახოცი და წყალი, დაუჩოქა მათ, თორმეტივეს სათითაოდ დაბანა ფეხები და უთხრა: თუ მე, მოძღვარი და უფალი თქვენი ფეხს გბანთ თქვენ, თქვენც ვალდებულები ხართ, ფეხები დაბანოთ და ემსახუროთ ერთმანეთს. ფეხების დაბანა მსახურებას ნიშნავს. 

კათოლიკე ეკლესიას ასეთი ბრწყინვალე ტრადიცია აქვს, მღვდლებს კი არ ბანს ფეხს, როგორც ჩვენთან, როცა 12 მღვდელი დაჯდება და მღვდელმთავარი ბანს ფეხს - არა, საზოგადოების იმ ფენას ბანს, რომელიც ყველაზე დაჩაგრულია. პაპმა სირიელ ლტოლვილებს დაბანა ფეხები, შარშან - პატიმრებს. ეუბნება: "ვერ გემსახურეთ ისე, როგორც საჭირო იყო და გბანთ ფეხებს იმის ნიშნად, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ. მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი, ვერ გემსახურე". 

ეს წესი უნდა გადმოვიღოთ ჩვენც და ფეხები უნდა დავბანოთ ქალებს. გაგიგიათ ალბათ, ქალმა ქმარს უნდა დაბანოს ფეხებიო. საწინააღმდეგო უნდა ითქვას. მიდით და დაბანეთ ფეხები ქალს, რომელიც შეიძლება დღესაც ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და ხვალ შეიძლება მოკლან. დაბანეთ და აღუთქვით, რომ ემსახურებით მათ. მიდით და დაბანეთ ფეხები იმ ქალებს, უცხოეთში რომ არიან წასულები სამუშაოდ. შვილები რომ უდედოდ გაიზარდნენ, იმიტომ რომ მათ ფული უნდა გამოეგზავნათ და ერჩინათ - აი ის ქალები ჩამოიყვანეთ და დაბანეთ ფეხები და უთხარით, რომ ვერ დაგიცავი, რომ არ გაქცეულიყავი სხვა ქვეყანაში მოსამსახურედ, გბან ფეხებს და გპირდები, რომ დაგიცავ

იმ ბებიებს უნდა დავბანოთ ფეხები, ლიმონს რომ ყიდიან ქუჩაში - მოხუცი ბებია ქუჩაში ლიმონს და მწვანილს რომ ყიდის, იმის ნაცვლად, რომ შვილიშვილებთან იყოს სახლში. 

დაღუპული მეშახტეების ცოლებს უნდა დაბანონ ფეხები, რომლებიც დამხმარეების გარეშე დარჩნენ. 

ფეხები უნდა დავბანოთ ყველა გაჭირვებულ და გაწვალებულ ქალს, რომელიც არის დღეს საქართველოში. მოვიხსნათ ვაჟკაცი ქართველი კაცების ნიღბები და დავიწყოთ ქალებისთვის ფეხების დაბანა. 

თქვა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ 22 აპრილის ქადაგებისას. 25 წლამდე ქალი13 აპრილს, ვაკეში, ორი შვილის თვალწინ მოკლეს. ბრალდებული მოკლულის დედის ყოფილი ქმარია.
მოკლე ბმული: