ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე: ბანკის ხელმძღვანელებს ამხელა ხელფასი ზემოგების წყალობით აქვთ

ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული ბანკის შვილობილი, პროკრედიტბანკი მთავრობის მიერ ბიზნესის "წახალისების" არაეფექტიანი პოლიტიკის( იხ. რა მოხდა სოფლის მეურნეობაში მილიარდობით სახელმწიფო ინექციის შემდეგ) და დიდი ოთხეულის მონოპოლისტური მდგომარეობის შედეგად განიდევნა მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტიდან (მისი ამ სახის სესხები იყიდა ტბს ბანკმა). რაც შეეხება ჰუალინგის ბანკს (ბაზისბანკი), მას არაფორმალურად ხელი შეუშალეს გაფართოებაში და ჩაუშალეს ბანკ "რესპუბლიკის" შესყიდვის შესახებ გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულება. სხვა ბანკები ვერ ქმნიან ამინდს, რადგან ძალიან მცირე ზომისანი არიან. დღეს საქართველოში ბანკები გახდნენ პოლიტიკის გამგრძელებლები საფინანსო სფეროში. პოლიტიკა კი არაკონსტიტუციურად წარიმართება ერთი არაფორმალური მმართველის მიერ. ბანკები აქციეს პოლიტიკის ინსტრუმენტად. ბანკებმა და მასთან დაკავშირებულმა ჰოლდინგებმა მიიღეს მსუყე ლუკმები ხელისუფლებისაგან-დიდ ბიზნესპროექტებში მონაწილეობა, ინექციები ბიუჯეტიდან( სახაზინო ვალდებულებები, ბიუჯეტის ნაშთებზე არსებული ფული, ეროვნული ბანკის განუზომლად დიდი რეფინანსირების სესხები) და სხვა. მონოპოლიურობა და ხელისუფლების მხრიდან საკუთრებითი და პოლიტიკური კონტროლი - ესაა საბანკო სისტემის მთავარი პრობლემა. ეს ხელს უშლის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. დამთავრდა ბანკებისადმი უპირობო მხარდაჭერის ხანა, გამომდინარე "იდეოლოგიურ-ფილოსოფიური" მოსაზრებებიდან. მხარდაჭერა იქნება კონკრეტული შედეგების მიხედვით. და კიდევ ერთი რამ: საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99 პროცენტს აქვს დაბალი ხელფასი. იმ მოგების ოდენობიდან, რასაც მოწინავე ბანკები ღებულობენ, ეს რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა. არარბილად რომ ვთქვათ, წარმოუდგენელი უსამართლობაა, რომ ორი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელის წლიური ხელფასი იყოს ოთხ-ოთხი მილიონი დოლარი. საქართველოს რეიტინგისა და შესაბამისად ქართული ბანკების რეიტინგის მქონე მსგავ დასავლურ ბანკებში წარმოუდგენელია ასეთი ფუფუნება. უფრო მეტიც, ბევრი მსოფლიო ტოპ ბანკის ხელმძღვანელობას არ აქვს მსგავსი შრომის ანაზღაურება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ქართულ საბანკო სისტემაში წარმოქმნილი ზემოგების წყალობით.
რაც შეეხება ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას-მუდამ ვიყავი და ვიქნები ჯანსაღი საბანკო სისტემისა და თავისუფალი, დერეგულირებული ბაზრის მხარდამჭერი. ბანკების მიმართ გაჩენილი კრიტიკა არ ავნებს მათ. პირიქით. ქინაქინა მწარეა, მაგრამ წამალია.

წერს ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები