საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა თამაზი: ეშმაკის კრებების ტყუილია, თითქოს ევროპა ყოველგვარი სიბილწის ბუდეა

400 მეტრზე, მიწის სიღრმეში სატანის კრებაზე მოხვდაო...

ერთ-ერთ უცნაურ და ხშირად სასაცილო გადაცემაში თქვეს ამასწინათ: ერთმა ბერმა 400 მეტრის სიღრმეზე ამოთხარა მიწა, შიგნით ჩავიდა და პირდაპირ სატანის კრებაზე აღმოჩნდაო. გასაგებია, რომ ამაზე შეიძლება გაგვეცინოს. თუმცა, მიწის ქვეშ არა, მაგრამ, მიწის ზევით არსებობს მართლა ბოროტების და ეშმაკის კრებები და ისინი არ უნდა დაგვავიწყდეს. იქ ხშირად იკრიბებიან და ახალ-ახალ ტყუილებს იგონებენ საქართველოს ხალხის დასაბნევად, ერთი კაცის მოგონილს რომ ჰგავს ყველაფერი და საქართველოს იზოლაციას რომ ემსახურება, რათა მარტო დარჩენილს ადვილად მოუღონ ბოლო. მაგალითად, როგორც შეთხზეს მრავალი სიცრუე და დაგვაჯერეს, რომ დამოუკიდებელ საქართველოს მხოლოდ ბორჯომი და ჩაი ეყოფოდა საცხოვრებლად, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერები და მოხერხებულები ვიყავით, რომ ჩვენზე პოლიტიკურად გარკვეული, მოსიყვარულე და თან მორწმუნე არავინ იყო მსოფლიოში, რომ საქართველო მხოლოდ ეთნიკურად ქართველების უნდა ყოფილიყო, რომ პასპორტში ეროვნება უნდა ჩაგვეწერა აუცილებლად და ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკურად არაქართველებისთვის ცხვირში მიგვერტყა მათი არაქართველობა. შემდეგ მათ ეშმაკურ კრებებზე ახალი ტყუილები მოიფიქრეს და დღემდე იგონებენ. მაგალითად, ის რომ თურმე მთელი დანარჩენი მსოფლიო საქართველოს გადაგვარებაზე და გარყვნაზეა მოდარაჯებული და გამეცადინებული (თითქოს მეტი საქმე არ ჰქონდეთ), რომ თურმე ევროპა ყოველგვარი სიბილწის და გარყვნილების ბუდეა, რომ ევროპაში არც წასვლა შეიძლება და არც მათგან რამის მიღება, რომ ევროპაში უკვე ბავშვების ნათლობაც აკრძალეს, რომ ევროპაში მშობლებს და შვილებს შორის ქორწინებაც კი დაუშვეს (ერთ ეპისკოპოსს ათქმევინეს ეს სისულელე), რომ უცხოეთში ტაძრები ცარიელია, რომ ევროპაში ბავშვებს სკოლაშივე ასწავლიან გარყვნილებას, რომ ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, რომ "ერთმორწმუნისგან" ყველაფერი უნდა მოვითმინოთ, რომ "ერთმორწმუნე" რუსის ბომბი ღვთის წყალობად მივიღოთ და ამგვარი საძაგელი და ცილისმწამებლური ტყუილები, რომელიც ბევრ გულუბრყვილოს და უცოდინარს დააჯერეს საქართველოში. ესაა ნამდვილი ბოროტების კრებები და მათი ბოროტი ტყუილებით ჩვენი ქვეყნის მოშლა და განადგურება. იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცივილიზირებული სამყაროდან იზოლაციას და მარტო დარჩენას, საქართველოს დამონების და დაღუპვისთვის შემოგდებული ტყუილებია ამ მართლა ეშმაკური კრებებისგან და ამიტომ, მიწის ქვეშ ნუ ვიყურებით, მიწის ზემოთ ვიყუროთ ფხიზლად!

წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი თამაზ ლომიძე

კომენტარები