არჩევნები 2018

თალაკვაძე: ეს არ არის გზების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები

ეს არ არის გზების, ხიდების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები. ეს არის არჩევნები, როდესაც საქართველომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას - ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის რა ხდება მსოფლიოში. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში დაბრუნება.

მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია - ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!

საქართველოს პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", არჩილ თალაკვაძემ ეს განცხადება დღეს, მესტიაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. მის კომენტარს "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები