არჩევნები 2018

ნოდია: დადასტურდა, რომ ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება შესაძლებელია

ამ არჩევნების პირველი ტურის მთავარი შედეგი: დადასტურდა, რომ ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება შესაძლებელია. აქამდე ამაში დარწმუნებული არ ვიყავით. ხელისუფლების ძალა კი (საქართველოში) ყველაზე მეტად მისი დაუმარცხებლობის ილუზიას ემყარება. არჩევნები ჯერ საბოლოოდ მოგებული არ არის, მაგრამ ხელისუფლებამ თავისი მხრიდან უკვე წააგო. ოპოზიცია თუ ახლა საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, ეს მხოლოდ მისი უხეში შეცდომების ბრალი იქნება (იმედი მაქვს, ასე არ მოხდება).

მეორე: კიდევ ერთხელ დამარცხდა „მესამე ძალის“ ფეტიში, ანუ აზრი, რომ სანამ რაღაც „მესამე ძალა“ არ ჩამოყალიბდა, „ქართულ ოცნებას“ ძვრას ვერ უზამ. ნაციონალური მოძრაობიდან გამოსულმა სამმა კანდიდატმა ჯამში 50 პროცენტზე მეტი მიიღო. (ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს სამი ძალა რომ ერთად ყოფილიყო, ოპოზიციის კანდიდატი პირველივე ტურში მოიგებდა: ასე არ ხდება.) შეიქმნას, ბატონო, რაღაც რეალური „მესამე ძალა“, მივესალმები, მაგრამ ხუთი წელია არაფერი სულ ამაზეა ლაპარაკი და არაფერი გამოდის.

ხელისუფლების მხრიდან რომ შევხედოთ, მარცხის ერთ-ერთი შედეგია პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. მან სრულიად არაადექვატური კანდიდატი შეარჩია მისივე პარტიის სურვილების საწინააღმდეგოდ. ძალიან მიხარია, რომ ივანიშვილმა ეს სისულელე გააკეთა, მაგრამ მის მომხრეებს ამან წესით მისი, როგორც ლიდერის უნარების რწმენა უნდა შეერყეს. ქუცნაშვილი გამოვიდა მართალი და ბიძინა - მტყუანი.

რა თქმა უნდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი პირადი გამარჯვებაც: გრიგოლ ვაშაძე მისი კანდიდატია. დადასტურდა, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა არ შეცვლილა: თუ ხელისუფლებას წყალი შეუდგა, საპროტესტო ხმები ყველაზე რადიკალური ოპოზიციისკენ მიდის. „რუსთავი-2“-მა, თავის მხრივ, უდიდესი, ალბათ, გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ოპოზიციური პრეზიდენტის მოსვლა ჯერ არ არის ხელისუფლების შეცვლა: ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება. მათი მოგება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ეს სხვა არჩევნები იქნება. არა მგონია, ნაციონალურ მოძრაობას მათი მოგება მარტო შეეძლოს. დღეს მეორე ტურში ოპოზიციის თანამშრომლობა უნდა იყოს ერთგვარი სკოლა იმისთვის, როგორ ითანამშრომლებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში.

პოლიტოლოგი გია ნოდია საპრეზიდენტო არჩევნებისა და მისი შედეგების შესახებ.

კომენტარები