არჩევნები 2018

კაპანაძე: უნდა აღიაროთ, რომ რაც 6 წლის განმავლობაში აკეთეთ, ხალხს არ მოსწონს

წარმოდგენა არ გაქვთ, რა არის მარცხის მიზეზი. გგონიათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ არ იყავით საკმარისად აგრესიულები, საკმარისად არ იძახეთ 9 წელი, საკმარისად არ გააკეთეთ აპელირება სისხლის გუბეებზე და გაუპატიურებულ ქართველ ვაჟკაცებზე. 

ამ დროს, ვერ ხვდებით, რომ წააგეთ იმის გამო, რომ ლარის კურსი არის 2,70, ადამიანები გაღარიბდნენ, რომ ხალხი ტრანსპორტის ფულს ვერ შოულობს, მედიკამენტები გაძვირდა, ეკონომიკა მიექანება უფსკრულისკენ, ვერც ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგა, თქვენ ვერ გადაჭერით. მაშინ, როცა თქვენ ებრძოდით ავტორიტარიზმს, ჩამოყალიბდით ზუსტად ისეთივე ავტორიტარულ ძალად, როგორიც არ მოგწონდათ წინა 9 წლის განმავლობაში. წააგეთ იმიტომ, რომ გახდით ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა, რომელმაც ისე გადაწყვიტა, ვინ შეერჩია საპრეზიდენტო კანდიდატი, არც კი გკითხათ, მოეხსნა პრემიერმინისტრები, არც კი გკითხათ და რომელიც ხვალ და ზეგ ისე მოგისვრით აქედან, რომ არც კი გკითხავთ. 

კი, მეორე ტური წინ არის და ვნახავთ, როგორ მორჩება ეს არჩევნები, მაგრამ უკვე უნდა მიიღოთ ეს გზავნილი, რომ ის, რაც ამ 6 წლის განმავლობაში აკეთეთ, რომ მხოლოდ 9 წელზე ისაუბრეთ, ხალხს არ მოეწონა. 

ხედვა არ გაქვთ, არც გქონიათ ამ 6 წლის განმავლობაში და როგორც ჩანს, ვერც გექნებათ. ძალიან ლოგიკურია, ეს არჩევნები დამთავრდეს თქვენი სრული ფიასკოთი და მარცხით, იქნებ შემდეგ რაღაცები გადააფასოთ

მანამდე მინდა, ერთი რამე გირჩიოთ: პირველიდან მეორე ტურამდე თქვენ გაქვთ არჩევენი, ერთის მხრივ, ნორმალურად მიხვიდეთ ბოლომდე და მერე აღიაროთ ეს მარცხი და მეორე, რომელიც როგორც ჩანს, აპირებთ, რომ აირჩიოთ, კიდევ უფრო მოახდინოთ უფრო პოლარიზება, ილაპარაკოთ სამოქალაქო ომზე, დაპირისპირებაზე, მოაწყოთ არეულობა, იძალადოთ, კიდევ უფრო გახლიჩოთ საზოგადოება. ამ გზას თუ აარჩევთ, განა რამე შეიცვლება, მაინც წააგებთ ამ არჩევნებს, მაგრამ ქვეყანა იქნება კიდევ უფრო სუსტი, კიდევ უფრო პორალიზებული, გაცილებით უფრო გახლეჩილი, ვიდრე ეს ქვეყანა ამას იმსახურებს. ამის შეცვლა თქვენ შეგიძლიათ. 

თქვა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები