ივანიშვილის მიმართვა

ბურჯანაძე: მე და ჩემი თანამოაზრეები შევქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს

სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მიხვდა, რა გააკეთა. სამწუხაროა, რომ 6 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი მებრძოდა მე და ჩემს პარტიას და არა ნაციონალურ მოძრაობას. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია ნაციონალური მოძრაობა მთავარ ოპოზიციურ ძალად. შუა გაკრეფვის პოლიტიკა იყო მისი ძალიან დიდი შეცდომა. ის, რაც ივანიშვილმა დღეს აღიარა, არის იმის განმეორება, რასაც 6 წლის განმავლობაში მე ვეუბნებოდი მას, თავიდან საკმაოდ დელიკატურად, შემდეგ უფრო მკვეთრად, ბოლოს უკვე ძალიან მკაცრად. სამწუხაროდ, მან და მისმა გუნდმა ეს ვერ შეისმინეს, მანამ, სანამ ქართველმა ხალხმა სილა არ გააწნა. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 1 წელიწადში, თურმე ყველა პრობლემას მოაგვარებს, სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა. არ მინდა არავის ნიშნი მოვუგო, რადგან უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საქმე დაზარალდა, მაგრამ ივანიშვილს, თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილს რომ დაეჯერებინა, მისი ხელისუფლება არ გადაჰყვებოდა იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა თავისი მმართველობის ბოლო წლებში. არც ერთი ჩემი პროგნოზი არ გამტყუნებულა და ჩემი შემდეგი პროგნოზი იქნება, რომ მე და ჩემი თანამოაზრეები შევქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდათ და არც ბიძინა. 

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ივანიშვილის მიმართვისა და "მესამე პოლიტიკური ცენტრის" შექმნის შესახებ. ბურჯანაძის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები