არჩევნები 2018

ნოდია: ზურაბიშვილი ფორმალურად ლეგიტიმური პრეზიდენტია, მისი არცნობა პოლიტიკურად განწირულია

მეორე ტურში ბიძინას (ვითომ სალომეს) გამარჯვებას ჰქონდა ორი მიზეზი: 

1. მათ წარმატებით მოახდინეს ნაცების/მიშას შიშის ფაქტორის აქტუალიზაცია, რაც პირველ ტურში მხოლოდ ნაწილობრივ შეძლეს. მთავარი როლი ითამაშა არა საკუთრივ კამპანიამ, არამედ იმან, რომ ფანატიკოს ანტინაცებს მართლა შეეშინდათ, ვაშაძემ არ მოიგოსო და ამ შიშმა მიიყვანა არჩევნებზე. კამპანია იყო, ცხადია ბინძური (თუმცა ამ ნიშნით საპირისპიროსგან, სამწუხაროდ, დიდად არ განსხვავდებოდა), მაგრამ სიბინძურე კანონით აკრძალული არ არის. 

2. მათ მეორე ტურში პრინციპულად ახალ, სისტემურ დონეზე აიყვანეს ამომრჩევლის დაშინების და მოსყიდვის კამპანია კრიმინალური ან მოკრიმინალო („კაიბიჭური“) სასტავის აქტიური ჩართვით - რაც, ცხადია, უკანონობაა. გუშინ საღამოს კარგა ხანს ვუსმენდი ადამიანებს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც ყვებოდა, სად როგორ იყო არჩევნები: კიდევ დავრწმუნდი, რამხელა მასშტაბი ჰქონდა ამ ყველაფერს და რამხელა გავლენა მოახდინა. 

ორივე ფაქტორი რეალურია, მაგრამ რომელი იყო გადამწყვეტი? თუ პირველი ფაქტორიც საკმარისი იყო გამარჯვებისთვის, ის კანონიერია. თუ მეორემ გადაწყვიტა არჩევნების ბედი, მაშინ ბიძი-სალომეს გამარჯვება არსებითად არალეგიტიმურია. მაგრამ როგორ უნდა უპასუხო ამ კითხვას? სამწუხაროდ, დასაბუთებული პასუხი შეუძლებელია, ამიტომ არც ერთ სადამკვირვებლო მისიას არ შეუტანია ეჭვი სალომეს გამარჯვების ლეგიტიმურობაში, თუმცა ხელისუფლების მეთოდები მკაცრად გააკრიტიკეს. 

ჩემი სუბიექტური ვარაუდია, რომ გადამწყვეტი მეორე ფაქტორი იყო (თუ გინდათ, მიკერძოებულად ჩამთვალეთ), მაგრამ ამის დამტკიცება არავის შეუძლია. 

რაკი ასეა, სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად ლეგიტიმური პრეზიდენტია და მისი არცნობის ტაქტიკა პოლიტიკურად განწირულია. ამით სრულიად გამორიცხავ საერთაშორისო მხარდაჭერასაც, რადგან დასავლეთი ასეთ მოძრაობას ცალსახად არასერიოზულად და დესტრუქციულად მიიჩნევს. 

ასევე განწირულია ადრეული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, რადგან ამის არც კონსტიცუციური არგუმენტი არსებობს (ადრეულ არჩევნებს შიდასახელისუფლებო კრიზისი სჭირდება, კონსტიტუცია ამას გვეუბნება) და სტრატეგიულად არალოგიკურია: თუ ხელისუფლებამ ეს არჩევნები მოიპარა, შემდეგს რატომ არ მოიპარავს? თუ ერთი არჩევნები წააგე, სასწრაფოდ კიდევ ერთს რატომ ითხოვ? 

მეორეს მხრივ, არჩევნები მეტისმეტად ცუდი იყო იმისთვის, რომ უბრალოდ გაატარო. ის მძაფრ პროტესტს იმსახურებს, მათ შორის ქუჩის აქციების სახითაც. არ ვეთანხმები დათო ბაქრაძის ზოგად ფორმულირებას, რომ ქუჩის აქციები „ჩვენი გზა არ არის“. სიტუაციას გააჩნია. 

ოღონდ საჭიროა ისეთი მოთხოვნების ქონა, რომელიც უკმაყოფილო ხალხს მიიზიდავს და არა განიზიდავს. ფილარმონიაში გაჟღერებული პოზიცია ოცნებით ოპოზიციურად განწყობილი ხალხს ვერ გააერთიანებს, უფრო დაშლის. ამიტომ აქცია შედარებით მცირერიცხოვანი იქნება. 

ვთქვათ, წმინდად პროპორციული პრინციპით შემდეგი არჩევნების ჩატარება ასეთი გამაერთიანებელი მოთხოვნა შეიძლება იყოს - მათ შორის მათთვისაც, ვინც თუნდაც მეორე ტურში არ მისცა ხმა ვაშაძეს. ამის გარშემო მართლა შეიძლება ფართო მოძრაობის დაწყება. ფილარმონიაში გაჟღერებული პრინციპებით, ვეჭვობ, რაიმე პოზიტიური შედეგი იქნას მიღწეული.

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე წერს.

კომენტარები