უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე პეტრე: უსამართლობის მხარეს ვერ ვიქნებით, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მივულოცოთ

სიფრთხილე საჭიროა მაგრამ, არანაირი წონადობა არ აქვს იმ აზრს, რომ ჩვენ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს და 50 მილიონიან ქვეყანას, რომელმაც ათწლეულები იბრძოლა, რომ ჰქონოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და მიაღწია ამას, რომ არ მივულოცოთ და მათი სიხარული არ გავიზიაროთ. ჩვენ როდესაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, როცა თვით წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა ავტოკეფალიის საკითხს. შემდეგ გადაიდო. 1917 გამოაცხადეს ჩვენმა თავგანწირულმა ავტოკეფალისტებმა. წმინდა პატრიარქებმა და მღვდელმთავრებმა ეს მოახერხეს. 1943 წლამდე ველოდებოდით, რომ რუსეთის ეკლესია გვაღიარებდა და ის იძულებული გახდა რასაკვირველია, პოლიტიკური ჩარევა იყო იმდროინდელი მმართველის მხრიდან და შემდეგ 1990 წელს მივიღეთ ტომოსი და როგორი ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის და შეუძლებელია ეს სხვისი ბედნიერება არ გავიზიაროთ. მაშინ რუსეთს უნდა მიემსგავსო, რომელიც კაენის მდგომარეობაშია. ძმამ რომ შურით ძმა მოკლა, აი ის მდგომარეობაა, როდესაც გშურს მისი წარმატება. თუ სად რა გავლენაა ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგს მართლა მიაჩნია რომ სიფრთხილეა საჭირო, ზოგს მართლა მიაჩნია რომ აფხაზეთში შეიქმნება პრობლემები, ამას ვერ ვიტყვით, გამოჩნდება. მაგრამ მთავარია, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე იზეიმებს და ჩვენ უსამართლობის მხარეს ვერ დავდგებით. გამორიცხულია, არ არსებობს. მითუმეტეს ასეთი ინტერესია საერო საზოგადოების მხრიდან და მადლობა ღმერთს ეს არის გარდაუვალი. იმიტომ რომ ეს არის სამართლიანობა, რომ უკრაინას აქვს, როგორც მას უკვე მოიხსენიებენ, უკრაინის უწმინდესი ეკლესია. ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია.   

განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში. შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა. საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

კომენტარები