მეუფე იოანე: უკრაინის ავტოკეფალიაზე ხელისუფლებამ პოლიტკორექტულობის მაგალითი გვაჩვენა

ვმადლობ უფალს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა პოლიტკორექტულობის მაგალითი გვიჩვენეს იმ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოხატა თავისი დამოკიდებულება უკრაინაში განხეთქილებაში მყოფი სასულიერო პირთა ჯგუფისთვის, როგორც დამოუკიდებელი ეკლესიისთვის, ავტოკეფალიის მინიჭებასთან მიმართებაში.

უკრაინის რეგიონებს შორის სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება არ უნდა გადაიზარდოს ერთმორწმუნე ერში რელიგიურ დაპირისპირებაში. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო საზრუნავია ერთმორწმუნე ერში ერთობის შენარჩუნება. პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა რეპლიკები და დეკლარირებული კერძო შეხედულებები ართულებენ ჯანსაღი პოზიციის შენარჩუნებას.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სივრცე ჩამოყალიბდა IV-VIII საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი და მსოფლიო კრებების მიერ. ამ კრებების დადგენილებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული განხეთქილებაში მყოფი და ეკლესიიდან განკვეთილი დაჯგუფებების მიმართ დამოკიდებულება და მათი ეკლესიის წიაღში დაბრუნების ნორმები. ეს კანონები ეფუძნება წმიდა სახარებას და ქრისტესმიერ მოციქულთა სწავლა-მოძღვრებას. მსოფლიო ეკლესიის იერარქებს ახსოვთ, რომ უკრაინის ყოფილი ეგზარხოსის მიტროპოლიტ ფილარეტის თვითნებური გამოყოფა დედაეკლესიიდან მათ მიერ უარყოფითად იყო შეფასებული XX ს-ის 90-იან წლებში. მისი დაჯგუფება განკვეთილი იქნა ეკლესიიდან. მიუხედავად ამისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ამჯერად ერთპიროვნულად და ცალმხრივად გადაწყვიტა წლების განმავლობაში განხეთქილებაში მყოფ სასულიერო პირთათვის ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭება. მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის საფუძველში დევს არა ერთპიროვნული, პაპისტური, არამედ კრებითობის პრინციპი, რომელიც ასახულია ჩვენი სარწმუნოების ძირითად დებულებაში - მრწამსში. ამასთან ერთად, აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის 6 იანვრის ტომოსში მითითებული ავტოკეფალიის პირობები, რომელსაც კონსტატინოპოლის საპატრიარქო სთავაზობს უკრაინას, ავტონომიური ეკლესიის პირობებს უფრო ესადაგება. თანაც ტომოსი დუმილით უვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება და შესაბამისად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ გვმართებს სამართლებრივი და იკონომიის პრინციპებით ხელმძღვანელობა, რათა განხეთქილების სულმა არ იხაროს ჩვენ შორის.

ვილოცოთ ერთმორწმუნე უკრაინელ ხალხში ერთობის აღსადგენად.

რუსთაველი მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს Facebook-ზე ეხმაურება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა. საქართველოს მთავრობას და უმაღლესი თანამდებობის პირებს ამ დრომდე არ მიულოცავთ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები