თამბაქოს გაძვირება

ზოიძე: თამბაქოზე ფასის 10%-იანი მატება იწვევს თამბაქოს მოხმარების 2-5 %-ით შემცირებას

თამბაქოს ფასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე: თამბაქოზე ფასის 10 პროცენტიანი მატება იწვევს თამბაქოს მოხმარების 2-5 პროცენტით შემცირებას. ბავშვებში და ახალგაზრდებში კი ეს ეფექტი 5-8 პროცენტამდე იზრდება. ჩვენნაირი შემოსავლების ქვეყნაში ფასის გამო თამბაქოს მოხმარების შემცირება კიდევ უფრო გამოხატულია. რაც თავის მხრივ ნიშნავს ათიათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს. ოღონდ ამ ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ არ იარსებებს ქვეყნაში იაფფასიანი ჩამნაცვლებელი - კონტრაბანდა და/ან დაბალი განაკვეთით დაბეგრილი "საბითუმო" თამბაქო.

აი ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის ლოგიკა, რომელმაც სამწუხაროდ ასეთი აგრესია გამოიწვია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის დანიშნულებისამებრ მოხმარება კლავს მომხმარებელს და მის გარშემო მყოფთ.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე facebook-ზე წერს.  შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მარტს, ზოიძემ თქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასი გაიზარდოს. დეპუტატი ამბობს, რომ აქციზზე ფასის მატებით მოსახლეობა თამბაქოს ვეღარ მოიხმარს და ეს პირველ რიგში მათი ჯანმრთელობისთვის იქნება სასარგებლო.

კომენტარები