ხაზარაძე: 31 დეკემბერს თქვეს, რომ საქმე კონფიდენციალურია, 9 იანვარს კი გასაჯაროვდა

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტრანზაქციაზე [2007-08 წწ-ების სადავო ტრანზაქცია] ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა. მივაწოდეთ ყველა ჩვენი პირადი ანგარიში ამ თანხის მოძრაობის - საიდან ავიღეთ, სად ჩაირიცხა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 80 მილიონი, თავის 17-მილიონიანად, ჩაირიცხა ბანკის კაპიტალში. რაღაც ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკში ოფციის საყიდლად და ეს არის მთელი ოპერაცია. დადასტურებულად ეს დოკუმენტაცია და ეს მასალა მიცემული გვაქვს ჩვენ უწყებებისთვის - რიცხვების, საათების საბანკო ანგარიშების ამონაწერების დონეზე. ამის შემდეგ ხდება ჩემი დაბარება პროკურატურაში. მე, ბუნებრივია, ვიყენებ კანონით მონიჭებულ უფლებას და ვითხოვ მოსამართლის წინაშე გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა და იქ ვამბობ რამდენიმე ფრაზას ბოლოში: "ალბათ, იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე. ეს არის ანაკლიის პროექტი. ჩვენ ღია ვართ გამოძიებისთვის, მზად ვართ, რომ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუკი რაიმე არის საჭირო, მზად ვართ, გეთანამშრომლოთ, მაგრამ გთხოვთ, რომ ეს საკითხი იყოს კონფიდენციალური იმიტომ, რომ 19 იანვარს ვაწერთ ხელს 2 სახელმწიფო ბანკთან - ჰოლანდიისა და გერმანიის ბანკებთან ხელშეკრულებას და მე, უბრალოდ, ემოციურად ვუთხარი, რომ თბილისი მაინც პატარა ქალაქია, ჭორის დონეზეც რომ იყოს, რომ თქვენ რაღაც ფულის გათეთრების თემასთან დაკავშირებით საქმე გაქვთ, რომელიც იქ გვითხრეს, რომ ეს არის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმე... მე ვუთხარი, რომ ეს შეუშლის ჩვენს უზარმაზარ პროექტს". 

ამის შემდეგ ხდება ბადრი ჯაფარიძის დაბარება 31 დეკემბერს, ახალ წელს პროკურატურაში. ანალოგიური კითხვებით. მათ მითხრეს და მოსამართლემაც დამიდასტურა, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კონფიდენციალურია. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ, უბრალოდ, ვარკვევთ სიტუაციას და 9 იანვარს პროკურატურა აკეთებს განცხადებას პრესისა და ტელევიზიების წინაშე, რომ საქმე მიდის ფულის გათეთრების მუხლით. 

მე, ალბათ, არ დამჭირდება თქვენთვის ამის ახსნა, იმიტომ, რომ ამას არც გამოძიება სჭირდება და არც პირველი კურსის სტუდენტი იურიდიული ფაკულტეტის, რომ ამოიღოთ თქვენ კანონმდებლობა და ჩაიხედოთ, თუ რას ნიშნავს ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის, როცა შავი ფული შედის სისტემაში. ფულის გათეთრებას სწავლობს ეროვნული ბანკის სპეციალური დეპარტამენტი, 30 000 ლარის ზემოთ ნებისმიერი ტრანზაქცია ავტომატურ რეჟიმში იგზავნება საბანკო სივრციდან. საერთოდ ყველაზე მყარი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა, რომელიც შევქმენით ჩვენ საქართველოში და ეს იყო მართლა სიამაყე, დღეს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ აქ რაღაც ფულის გათეთრებაზე იყო საქმე

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს იმ დეტალებზე, რომლებიც წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მოთხოვნას, მასა და ბადრი ჯაფარიძეს დაეტოვებინათ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თავიანთი თანამდებობები

კომენტარები