ქართული ოცნება

ხუნდაძე: უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე, ფრთხილად ვიყოთ, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს

ალბათ ყველასთვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა, რაც ჭარბობს სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან.

დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 30-წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც თავისი მიზანი აქვს და ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც სიძულვილის ენაა, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად იოლია. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა არაპროფესიონალიზმის ნიშანია, როცა არ გვაქვს არგუმენტები, ვიყენებთ სწორედ სიძულვილის ენას, ლანძღვას, გინებას და ვეხებით პირად ღირსებას. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგადგება ენაზე, ყველაფერი თქვა. ასევე, თავისუფლება არ არის თავნებობა, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს. თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია.

ქართველები ფეთქებადი ხასიათის ხალხი ვართ და სადღაც შესაძლოა გაწყდეს, იმიტომ, რომ მოთმინებასაც თავისი ზღვარი აქვს. მინდა გთხოვოთ ყველას, უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე და ვიყოთ ყველა ფრთხილად, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები