„საქართველო - ევროპა“

ბახტაძე: ნებისმიერი სტუმრისთვის თვალსაჩინოა ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან

ქართულ კულტურას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა მრავალფეროვანი ისტორია, რამაც უზრუნველყო ძლიერი ეროვნული თვითმყოფადობა და ხელი შეუწყო საქართველოში კულტურის განსაკუთრებულობის აღქმას. სრულიად განსაკუთრებულია ჩვენი გეოგრაფიაც, ევროპისა და აზიის შესართავზე, საქართველო საუკუნეების განმავლობაში თამაშობდა ერთგვარი ხიდის როლს. ჩვენი ნებისმიერი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, რადგან ჩვენ საერთო საყრდენი - საერთო კულტურული ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ქართველი ერის არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი.

საქართველო პირველი ქვეყანაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან, რომელიც 2015 წლიდან „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში გაერთიანდა. საერთაშორისო კულტურულ განზომილებაში საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ფესტივალების, კულტურული ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განსავითარებლად. ჩვენი უპირველესი ამოცანაა საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ცნობადობის ზრდა, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „საქართველო, ევროპა“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა

კომენტარები