ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა

ჩვენ გვყავს მხარდამჭერები, ამომრჩევლები და არ გვყავს ყმები და ნახირი. ჩვენ არ ვართ ნახირის მწყემსები. ესენი არიან მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ლევან იოსელიანის სასარგებლოდ. ჩემთვის გაუგებარია ის რაღაცა ზეწოლა, ზოგ შემთხვევაში ლამის შანტაჟის ენით ლაპარაკი ჩვენდამი, რომ "არიქა, ახლა თქვით, ერთ საათში, ვის უჭერთ მხარს. ბევრი მხრიდან წამოვიდა, რომ "არიქა, გინდა თუ არა, მოდით და ხატზე დაიფიცეთ, რომ ჩვენ გვაძლევთ მხარს თუ ვის აძლევთ საერთოდ". 

ჩვენ ვთქვით, რომ შევეკითხებით, დავფიქრდებით... კახაძეს რომ მხარს არ დავუჭერთ და მისნაირი პოლიტიკოსები პარლამენტში არ უნდა იყვნენ, ეს ორჯერ ორი ოთხია, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, დავუჭიროთ თუ არა შალვა შავგულიძეს მხარი.

შალვა შავგულიძე რომ იყოს მხოლოდ შალვა შავგულიძე, რომელსაც პატივს ვცემ პირადად, და რომ იყოს მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, ერთი წამით არ შევყოყმანდებოდით, ისე დავუჭერდით მხარს. მთელი შტაბი და მთელი გუნდი გადავერთვებოდით მის კამპანიაში მოხალისეებად მთელი მონდომებით.

მაგრამ ამ მოცემულობაში, რაც არის, ჩვენ არ გვინდა, მჩატე გადაწყვეტილება მივიღოთ. თან არც ისე არ არის, ჩვენ რომ ვუბრძანოთ. რა, დამწკრივებული ბატალიონი კი არ გვყავს ჩვენი მხარდამჭერების, რომ "ჰაიტ, მარცხნისაკენ, ნაბიჯით იარ, მიეცით ხმა ამას და ამას". ისინი შეიძლება შემოგვიბრუნდნენ და ჩვენი მხარდაჭერა გახდეს ნულოვანი, რატომ მაჩქარებენ ამას ვერ ვხვდები, ამოგვასუნთქონ ცოტა. ჩვენს საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებთ რამდენიმე დღეში

საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი TV პირველის ეთერში, კითხვაზე, მისი გაერთიანება დაუჭერს თუ არა მხარს თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს კანდიდატს შალვა შავგულიძეს მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში. ცნობისთვის, მოძრაობის წევრმა ლევან იოსელიანმა, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, პირველ ტურში 6.55% (964 ხმა) მიიღო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები