ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში

ბახტაძე: ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს ქართული სპორტის გამარჯვებაა

ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დიდი გამარჯვება, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. მე მსურს ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. კონკურენცია იყო ძალიან მძაფრი, 13 ქვეყანას შორის და საბოლო ჯამში არჩევანი გაკეთდა გერმანიაზე, ჩეხეთზე, იტალიასა და საქართველოზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა იცოდეთ, რომ ეს წარმატება არ მოსულა ერთ დღეში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავე ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ ახალ, 15 ათას მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს. დარწმუნებული ვარ, ეს სასახლე გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ, ამ წარმატებაზე გავჩერდეთ. გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენი მიზანია, 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას, ზამთრის სახეობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები. მინდა, მივმართო ქართველ ახალგაზრდებს და საზოგადოებას - როდესაც ქართველი ერი არის ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად, მხარდამხარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლისის ტბაზე, "ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

კომენტარები