კორონავირუსი საქართველოში

ზურაბიშვილი ვირუსზე: არ უნდა ჩავთვალოთ, რომ გადარჩენილნი ვართ, არ ვართ ჯერ გადარჩენილნი

ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ და ყველა მოქალაქემ ამ დღეებში ძალიან დიდი მაგალითი მოგვცეს. ჩვენი ექიმების გონივრული ნაბიჯები, ჩვენი მთავრობის დროული ნაბიჯები, ის თვითშეგნება, რომელიც გამოიჩინა მთელმა საზოგადოებამ, ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ გადარჩენილნი ვართ, არ ვართ ჯერ გადარჩენილნი. ეს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯსა და სახლში დარჩენას მოითხოვს.

მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო - ექიმებს, მედპერსონალს, იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვარზე დგანან, ჯარისკაცებს. ძალიან განსაკუთრებული მადლობა ჩვენ დიპლომატიურ უწყებას, რომელიც წინა ფრონტზე იბრძვის იმ ქვეყნებში, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და ეხმარება ჩვენს ემიგრანტებს. მინდა რომ ყველამ მიიღოს ეს მადლობა, რადგან ის ყველას ეკუთვნის.

ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში სოლიდარობაა, რომელიც უკვე გამოვიჩინეთ. სოლიდარობა გამოიჩინა საზოგადოებამ, თითოეულმა ადამიანმა, კერძო სექტორმა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ვრცელდება ყველა ის საშუალება, რაც გვაქვს. ჩვენ სოლიდარობა გამოვიჩინეთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ, როცა მათ ვაბრუნებთ ყველ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ეს ის საიდუმლო იარაღია, რომელიც საქართველოს გააჩნია. ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ჩვენი ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა, რადგან ამ დიდ კრიზისს მოჰყვება კიდევ დიდი ეკონომიური და სოციალური სირთულეები, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და მზად უნდა ვიყოთ, რომ ერთიანად დავხვდეთ ამ შემდეგ ეტაპსაც.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.

კომენტარები