შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

ბოკერია "ოცნების" დეპუტატებს: რატომ ამბობთ უარს საკუთარ როლსა და ფუნქციაზე?

კამათი იყო იმაზე, რომ უმრავლესობაში ხართ კიდევ რამდენიმე თვე, თქვენ ხომ მხარს უჭერთ ამ მთავრობას, საკუთარ როლზე უარს რატომ ამბობთ, ეს აგვიხსენით. რატომ ეუბნებით, არ აგვიხსნათ არაფერიო?

საგანგებო მდგომარეობა არ დაარქვით-მეთქი, მე ეგ შემოგთავაზეთ - დაარქვით ჯანდაცვის განსაკუთრებული ზომები და პარლამენტის როლი დატოვეთ. თუ დასახურია რამე, თქვენი აზრით, ჩემი აზრით, არასწორად, შერჩევითად და სულელურად, მაგრამ თქვენ ხელშია მაინც - რატომ ამბობთ თქვენს ფუნქციაზე უარს?

შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ილუზია აქვს, რომ ცალკე გეტყვით მთავრობა რამეს, "ჩვენი წონა გვაქვს". არ ვიცი, ვის აქვს ეს ილუზია. ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ არც იცოდით. ხომ გეწყინათ? მესმის თქვენი. არ უნდა გცოდნოდათ? რატომ აღშფოთდით ყველანი, არ გვითხრაო, სიურპრიზიო. თუ გაგიხარდათ, მომილოცავს. მაგრამ [ზურაბიშვილმა] მხოლოდ ბატონ თალაკვაძეს რომ უთხრა, ალბათ ბატონ კობახიძეს და მდინარაძეს და თქვენ არა, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი არ არის? აღარც გინდათ, რომ გკითხონ არაფერი? რა შუაშია, ოპოზიციას უნდა, რომ დაგვღუპოს... თქვენს ხელშია [ძალაუფლება], სანამ ხალხი გადაგირჩევთ. რატომ არ გინდათ, რომ თქვენს ხელში იყოს?

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს.

კომენტარები