კორონავირუსი საქართველოში

მინისტრის მოადგილე: საკარანტინე მექანიზმი იყო და რჩება მთავარ დაცვად

საკარანტინე მექანიზმი ჩვენთვის იყო და რჩება მთავარი დაცვა, საკარანტინე მექანიზმი არის ის მექანიზმი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღემდე ასეთი წარმატებული ეპიდემიოლოგიური კონტროლის სტატუსით.

კარანტინის პირობების შეცვლა, ერთი მხრივ, შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგადად ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებთან - ვირუსის გადაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები ჩნდება, ცოტა ხნის წინ 14 დღიდან 12 დღემდე შევამცირეთ საკარანტინე პერიოდის ხანგრძლივობა. ასევე ვიყენებთ კომბინაციაში კარანტინს და ტესტირების მექანიზმს, 72 საათში ერთხელ ბიზნესვიზიტორებისთვის. ასევე მოქმედებს თვითიზოლაციის მექანიზმი.

ვმუშაობთ, რომ გარკვეულად დიფერენცირებული მიდგომა ჩამოყალიბდეს რისკის მაჩვენებლების გათვალისწინებით, იმ ჯგუფს, ვისაც აქვს ძალიან მაღალი რისკი, კვლავ მაქსიმალური ხანგრძლივობის კარანტინი შეეხება, ხოლო იმ ჯგუფს, ვისაც შედარებით ნაკლები რისკი აქვს - შეიძლება ვისაუბროთ კარანტინის, თვითიზოლაციის და ასევე 72-საათიანი ტესტირების კომბინაციაზე, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და მოკლე ხანში გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული რეკომენდაცია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებაზე, რომ შესაძლოა, საკარანტინო პერიოდი 12-დან 8 დღემდე შემცირდეს. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის ან ესტონეთის მოქალაქეობა ან ცხოვრების მუდმივი უფლება არ აქვს და ამ ქვეყნებიდან პირდაპირი რეისით არ მოდის, საქართველოში 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს. სავალდებულო კარანტინი ასევე ეხებათ ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. მათ ამაში ფული თავად უნდა გადაიხადონ.

კომენტარები