კორონავირუსი საქართველოში

გახარია: არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს და შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება

დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს უკვე პრიორიტეტი ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. ეს მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიების წესების დაცვა და ა.შ.  

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსი პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს. 

მძიმე შეზღუდვები პირველ ეტაპზე, მაშინ, როდესაც იყო ათეული შემთხვევები, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა დროში ვირუსის გავრცელება. იმისთვის, რომ მოგვეგო დრო და უფრო მეტი გამოცდილება მიგვეღო. დღეს, მიუხედავდ იმისა, რომ ტენდენცია გავრცელების ყოველდღიურად სულ უფრო მეტი იქნება, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და არცერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი. 

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ამ ეტაპზე, ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს, შეიძლება, იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე ჩვენ მობილობა დავაგდეთ, ქვეყანაში აღარ განმეორდება.  

დღეის მდგომარეობით, ქვეყნისთვის პრიორიტეტი არის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და, ამავე დროს, მოქალქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ამის შესაზლებლობა გვაქვს.

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები