კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: ინფიცირების შემთხვევების ზრდა უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება

ისიც უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების [მატების] მიზეზი, ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტივობა, მე არ ვგულისხმობ არჩევნების დღეს, ვგულისხმობ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, უპასუხისმგებლო აქციებს, რომლებიც არამარტო არ მოუწოდებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, პირბადე გამოეყენებინათ, პირიქით, ერთგვარი დაუმორჩილებლობის, პროტესტის სახით პირბადის გამოყენებისკენ...

როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როცა ვხედავთ ასეთ აქციებს, ასეთ აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება, პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს ამ რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც გვაქვს...

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციური უფლებაა და "ვერანაირად ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ პროცესს". აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებდნენ, პირბადეები გაეკეთებინათ. ასევე, ყველა გამომსვლელის შემდეგ მიკროფონს დეზინფექციას უტარებდნენ. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ არჩევნებამდე პერიოდში პროგნოზირებდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ყოველდღიურად 3-4 000 შემთხვევა იქნებოდა.

კომენტარები