არჩევნები 2020

კობახიძე: უმრავლესობა არჩევნების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას დააინიცირებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის პირველივე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დააინიცირებს და კომისიის მუშაობაში ჩასართავად ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მოიწვევს.

"პირველივე შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს, ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართული ამ კომისიის მუშაობაში". - ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების მასშტაბურ გადათვლას და 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც კი, დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

"კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით, თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება, ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს, გარდა ამისა, როგორც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას". - თქვა კობახიძემ.

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები