ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

AXIOS: აშშ-მ ისრაელისთვის განკუთვნილი ჭურვების გადაცემა შეაფერხა

ისრაელის თვითმავალი ჰაუბიცის 155-მმ-იანი ჭურვები ლიბანის საზღვრის მახლობლად, 2023 წლის 18 ოქტომბერი.
Jalaa Marey/AFP  

ამერიკული მედია AXIOS-ი ორ ისრაელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცაიმ გასულ კვირაში ისრაელისთვის განკუთვნილი ჭურვების გადაცემა შეაფერხა.

ეს 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-მ ისრაელისთვის ჭურვების მიწოდება შეაჩერა. 

როგორც AXIOS-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, შემთხვევამ მნიშვნელოვნად შეაშფოთა ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები და საკუთარ მაღალჩინოსნებს მისცეს ბრძანება, რომ გაარკვიონ მიწოდების შეჩერების მიზეზები.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენს მწვავედ აკრიტიკებენ ის ამერიკელები, რომლებიც ისრაელის დახმარებას ეწინააღმდეგებიან. თებერვალში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისრაელს მოსთხოვა პირობა, რომ აშშ-ს მიერ წარმოებულ იარაღებს ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენებდა. ისრაელმა პირობის ხელმოწერილი წერილი აშშ-ს მარტში გადასცა. 

AXIOS-ი წერს, რომ თეთრ სახლში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. მათთვის პასუხი არ გაუციათ არც პენტაგონიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისიდან.

ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებთ ფაქტი, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ამ დასახლებას თავს აფარებს მილიონზე მეტი პალესტინელი დევნილი.

გასულ დღეებში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენჯერმე გააჟღერა, რომ იმისდა მიუხედავად, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას ჰამასთან, ის მიზნად ისახავს რაფაში შეჭრის ბრძანების გაცემას.

გასულ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს ესტუმრა და ნეთანიაჰუსთან რაფაში შესაძლო შეჭრაზე "რთული" საუბარი გამართა, როგორც ამას AXIOS-ის წყაროები ამბობენ. ბლინკენმა შეხვედრაზე თქვა, რომ რაფაში დიდი სამხედრო ოპერაციის ჩატარება უარყოფით შედეგს გამოიღებს აშშ-ისრაელის ურთიერთობაზე.

კომენტარები