აშშ-ს მთავრობა საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

5 იანვარს "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" საბჭოს სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე აშშ-ს  სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღეს. ფინანსურ დახმარებას ორი ქვეყანა: საქართველო და განა მიიღებს. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრეს სამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა.

მჭედლიშვილის თქმით,  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” საქართველოს, მოგვიანებით დაზუსტდება.  პრემიერის პრეს სპიკერმა აღნიშნა, რომ  აშშ-ს მთავრობის ფინანსური დახმარება, სავარაუდოდ, ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.  როგორც ცნობილია, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის, დაახლოებით, 40-50 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების ფილიალი იქნება. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს აიღებენ.

დღესვე, ნიკო მჭედლიშვილის ბრიფინგს აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” საბჭომ საქართველო შეარჩია როგორც უფლებამოსილი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ტრანში მიენიჭოს. ”ეს გახლავთ კარგი საშუალება, რათა საქართველომ დამატებითი ინვესტიცია მიიზიდოს კორპორაციიდან, თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ ინვესტიცია აუცილებლად იქნება მოზიდული,” განაცხადა ბასმა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ტრანშის დამტკიცება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული.

რამდენიმე წლის წინ საქართველომ, სხვა 15 ქვეყანასთან ერთად,  ამერიკის შეერთებული შტატებისაგან "ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით დაახლოებით 395  მილიონი დოლარი მიიღო. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში აშენდა თბილისი-ახალქალაქის გზის მონაკვეთი. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი ტრანშის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, 2012 წელს მოეწერება ხელი. 

კომენტარები