სან-მარინომ, შესაძლოა, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს

ევროპულმა ჯუჯა სახელმწიფომ, სან-მარინომ, შესაძლოა, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ამის შესახებ რუსულ ინტერნეტ გამოცემა გაზეტა.რუ-ს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ადგურ ხარაზიამ განუცხადა.

აპრილში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვიზიტის წინ,  საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას  მალე  რამდენიმე სახელმწიფო აღიარებდა. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ დააკონკრეტა, რომ ეს ქვეყნები აფრიკული და აზიური სახელმწიფოები არ იქნებოდნენ.

სან-მარინო აპენინის ნახევრაკუნძულზე მდებარეობს  და წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. ქვეყნის ფართობი 61 კვადრატული კილომეტრია. სან-მარინოს რესპუბლიკა 1862 წლიდან იტალიის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება.

დღემდე აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოთხმა ქვეყანამ აღიარა: რუსეთმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ.

კომენტარები