ავღანეთის პრეზიდენტის ძმა მოკლეს

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ნახევარძმა, ყანდაარის პროვინციის მმართველი აჰმად ვალი კარზაი საკუთარმა მცველმა მოკლა.  Skynews-ის ცნობით, მცველმა ის საკუთარ სახლში კალშნიკოვის ავტომატით  დახვრიტა. ავღანეთში კარზაის ძმაზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობდა: ის იყო  პუშტუნების ტომის უფლებების დამცველი, ამავე დროს მას უწოდებდნენ  „კორუფციაში ჩაძირულ საველე მეთაურს“. მას ნარკოტიკების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. თავად აჰმად კარზაი ყოველთვის უარყოფდა მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს და აცხადებდა, რომ  ის „არ არის, არ ყოფილა და არასდროს იქნება ნარკოდილერი.“ მისი თქმით, ის უბრალოდ ”ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი” იყო. 

მკვლელობამდე მასზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა.   ბოლო თავდასხმა  2009 წელს მას შემდეგ განხორციელდა, რაც New York Times -ში დაიბეჭდა, სტატია, რომლის მიხედვითაც   ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო  აჰმად კარზაის ცხრა  წლის განმავლობაში ურიცხავდა ფულს იმისათვის, რომ მის კონტროლ ქვეშ მყოფ  სამხედრო ჯგუფებს ყანდაარის ახლოს თალიბების წინაააღმდეგ რეიდები მოეწყოთ.

აღსანიშნავია, 2011 წელს  ავღანეთის პრეზიდენტის ბიძა, ჰაჯი იარ მოჰამად კარზაი NATO-ს ჯარისკაცებმა შეცდომით  მოკლეს.

კომენტარები