ქუთაისი

ჯანდაცვის სამინისტრო ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქუთაისში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"2012 წლის 7 ივნისს პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ობიექტზე მომუშავე ერთი ადამიანი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი რეზო ნებიერიძის ოჯახს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აგრეთვე, განმარტავს, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი, გარდა ზემოხსენებული ერთი პიროვნებისა. ასევე, მომხდარი შემთხვევის შედეგად, არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის.

„ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ზემოთხსენებული შემთხვევის შედეგად არსებული დაშავებულების შესახებ, წარმოადგენს სიცრუეს და არის მომხდარი სამწუხარო ფაქტით მიზანმიმართული სპეკულაცია", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების მიუხედავად, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა ორი დღის წინაც, თბილისის პირველ კლინიკურ სავაადმყოფოს ტერიტორიაზე მშენებლობის ჩამონგრევის შედეგად, სადაც ასევე ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები