სპეცოპერაცია

მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილი სპეცრაზმელი და გათავისუფლებული ახალგაზრდები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი ზურაბ ზურაბიშვილი მოინახულა. პრეზიდენტის თქმით, ზურაბ ზურაბიშვილი ლოპოტას ხეობაში ნაღმზე აფეთქდა და თანამებრძოლებმა იგი იქიდან ხელით გამოიყვანეს.

”იმ ადამიანებიდან, ვინც გამოყვანაზე მუშაობდნენ, ორი დაიჭრა, ექიმი ლადო ხვედელიძე კი ამ ოპერაციას შეეწირა - ადამიანი, რომელიც მიდიოდა პაციენტის გადასარჩენად. პაციენტი გადარჩა და თვითონ დაიღუპა. ეს ნამდვილი გმირობის ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენი მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ მებრძოლებს თუნდაც ყველაზე რთულ სიტუაციაში არ ვტოვებთ," – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 36 წლის ზურაბ ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა და მას ორჯერ აქვს მიღებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, მედალი "მხედრული მამაცობისათვის“.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან გათავისუფლებულ ახალგაზრდებს და სოფელ ლაფანყურის მოსახლეობას გაესაუბრა. პრეზიდენტმა მათთან შეხვედრისას სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრა და მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა.

 

კომენტარები