რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომან აბრამოვიჩთან სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დავა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ პრესას, ბერეზოვსკის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ Addleshaw Goddard-მა მიაწოდა.
კომპანიის ცნობით, ბორის ბერეზოვსკიმ პატარკაციშვილის მემკვიდრეებთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მხარეებმა სასამართლოში შეტანილი ყველა სარჩელი გამოითხოვეს.
,,შეთანხმების დეტალები კონფიდენციალურია და ამ საკითხზე კომენტარები არ გაკეთდება.’’ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ ბერეზოვსკის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა ლონდონში 2012 წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო. საქმე ეხებოდა პატარკაციშვილის ოჯახის კონტროლის ქვეშ არსებული აქტივებს, რომლის 50% ბერეზოვსკის მტკიცებით მას ეკუთვნოდა.