წინასაარჩევნო გარემო

სელესტ ვოლანდერი: არჩევნებისთვის მთავარი პირობა გამჭვირვალობაა

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ სელესტ ვოლანდერმა, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობა შეაფასა. რადიო ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ვოლანდერმა განაცხადა, რომ არჩევნებისთვის მთავარი პირობა გამჭვირვალობაა.

,,მთავრობას აქვს კონკრეტული, ძალიან მკაფიო მოვალეობა, რომ განამტკიცოს კანონი და ყველანაირი პირობა შექმნას არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩასატარებლად. ვაცნობიერებთ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობასაც, რათა მათ ასევე კანონის ფარგლებში იმოქმედონ, თუმცა კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო."- განაცხადა სელესტ ვოლანდერმა. 

მისივე თქმით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს, რომ ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნება.

,,ყველგან - ამერიკაში, ევროპაში, მოუთმენლად ელიან და დიდი გულისყურით ადევნებენ მოვლენებს თვალს. მეც მგონია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ გამოწვევის, ან თუ გნებავთ ამ გამოცდის ჩაბარება შეუძლია."-აღნიშნა ვოლანდერმა.

კომენტარები