ქართული ოცნების მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების დასახელება არ ნიშნავს , რომ მთავრობის წევრებთან ერთად პოსტებს ისინიც დატოვებენ, განაცხადა დღეს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
ახალი მთავრობის დასახელებასთან ერთად ივანიშვილმა ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატებიც დაასახელა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოდან ირჩევს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის გათავისუფლება შეიძლება, თუ ის აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, თუ მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ყოფნის უფლება (გახდა საჯარო მოხელე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული პირის პარტნიორი, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან გარდაიცვალა). პარლამენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენება შეუძლია იმპიჩმენტის გზით. ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლბის უმრავლესობით პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის თანამდებობაზე 2009 წლის თებერვლიდან მუშაობს.
გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი 5 წლით ირჩევს. ლაშა თორდია გენერალური აუდიტორის თანამდეობაზე 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა. გენერალური აუდიტორის გადაყენება შესაძლებელია იმპიჩმენტის გზით, ასევე თუ მან დაიკავა რაიმე სხვა შეუთავსებელი პოზიცია, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, სასამართლომ სცნო ქმედუუნაროდ ან გარდაიცვლება.