განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის ცნობით, სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც განათლების სისტემიდან გათავისუფლებულთა დავების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მისი მისამართით „უამრავი წერილი შედის“ განათლების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისგან, რომელთა უმრავლესობაც გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს.

„ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში. ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ თითოეულმა თქვენგანმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გამონახოთ ყველანაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყოთ თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ეს იქნება საუკეთესო გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. მათ კი, ვინც უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მე ვთავაზობ მეორე საშუალებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად“, - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები