იუსტიციის მინისტრი

პოლიციაში ბექა გოჩიაშვილზე ზეწოლას თეა წულუკიანი გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციას მოუწოდებს, არ მოახდინონ 16 წლის ბექა გოჩიაშვილის თემით მანიპულირება. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„ყველა სისხლის სამართლის საქმე უნდა იქნას გახსნილი და პოლიციას უნდა მიეცეს მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება. საქმე გვაქვს სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულთან და როგორც ბატონი ბექა, ყველა იქ მყოფი ადამიანი უნდა დაიკითხოს, დამლაგებლიდან დაწყებული ე.წ. ფართის მონაწილეებით დასრულებული“, - ამბობს წულუკიანი.

მინისტრი გამორიცხავს გოჩიაშვილზე რაიმე ტიპის ვერბალურ და ფიზიკურ ზეწოლას. „როცა არასრულწლოვანს ახლავს მშობელი, იქ გამორიცხულია ნებისმიერი ტიპის ზეწოლა და მარტო რომც ყოფილიყო ბატონი ბექა დაკითხვაზე, მე გამოვრიცხავ მასზე ზეწოლას“, - აცხადებს მინისტრი.

16 წლის ბექა გოჩიაშვილი, რომელიც ამერიკაში მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობს, 2013 წლის 8 იანვარს ბინის გაქურდვის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. გოჩიაშვილის თქმით, მასზე ქურდობის აღიარების მოთხოვნით ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, ხოლო მის ძმას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. 

 

 

 
ტეგები

კომენტარები