ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილი, ამნისტიით გათავისუფლებული ე.წ. პოლიტპატიმრები შენობაში შესვლას ცდილობენ. როგორც თავად აცხადებენ, მათ პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენა სურთ.
შეკრებილები ითხოვენ, რომ ''გამონაკლისის სახით მომზადდეს დამატებითი სია, რათა 10-15 ყოფილი პოლიტპატიმარი მაინც შევიდეს დარბაზში''.
დაცვის პოლიციისა და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში არ უშვებენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ბიბლიოთეკასთან ცოცხები მიიტანეს და შენობის შესასვლელთან დაამაგრეს.
შეგახსენებთ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილი არიან ამნისტიით გათავისუფლებული ე.წ. პოლიტპატიმრები, რომელთა ნაწილიც აცხადებს, რომ შენობაში მიხეილ სააკაშვილის შეშვებას არ აპირებენ.
საქართველოს პრეზიდენტი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს უნდა წარმდგარიყო, რაც საპალამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით გადაიდო.
აღნიშნულის შემდეგ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებას პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დღეს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.