სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მისი იურისტები სარჩელს სასამართლოში ხვალ შეიტანენ. მისი შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილება უკანონოა.
"ნახევარი საათის წინ მივიღე განკარგულება ცესკოსგან, რომლის მიხედვითაც, 29-ე მუხლის საფუძველზე, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირირებაზე უარს მეუბნებიან. ცესკოს ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უკანონოა. შესაბამისად, ამას აუცილებელად გავასაჩივრებთ. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ახლო მომავალში ვნახავთ - ვის აწყობდა ეს. კანონი ჩვენს მხარეს არის და გავიმარჯვებთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ელჩებთან შეხვედრაზეც დააყენებს.
"არსებული კონსტიტუციით, სრული უფლება მაქვს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ვიყო", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ცესკო-სგან უარი დღეს მიიღო. ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, "საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკო-ში განცხადება გუშინ შეიტანა.