პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: დვანში ჩავიდე და მათთან ერთად ცრემლი ვღვარო თუ რა ვქნა?

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, რუსეთის გააქტიურება საოკუპაციო ზოლთან არჩევნების პროცესში არ არის სასარგებლო. ამასთან, როგორც ივანიშვილმა რადიოსა და ბეჭდური მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა, რუსეთი ამას რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად არ აკეთებს. პრემიერი ვარაუდობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების განახლება უფრო ვილნიუსის სამიტს უკავშირდება.

"რუსეთის გააქტიურება საოკუპაციო ზოლთან არჩევნების პროცესში არ არის სასარგებლო, მაგრამ ჩემთვის განმსაზღვრელი არჩევნები არ არის. საერთოდ არ არის სასარგებლო, რაც ხდება და როგორც ხდება. ეს შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია. საუბედუროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი არჩევანის და თამაშის საშუალება და ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. ის, რომ დაბალი არჩევანი გვაქვს და ძალიან დაბალეფექტურია ხელისუფლების ქმედება, სწორედ წინა მთავრობის დანატოვარია. მათ მოახერხეს და ისეთ ჩიხში შეიყვანეს დღევანდელი ურთიერთობები, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად არაეფექტურია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ კონკრეტულ მოსახლეობას, რომელზეც პირდაპირ ხდება ძალადობა, დავეხმაროთ. მე წინა შეხვედრაზე შენიშვნა მითხრეს, რატომ არ ჩავედი დვანში. რა, მე ჩავიდე და მათთან ერთად ცრემლი ვღვარო თუ რა ვქნა? მთავრობა მათ კონკრეტული ქმედებებით ეხმარება. რუსეთის აქტიურობა კი, ვფიქრობ, ვილნიუსის სამიტს უფრო უკავშირდება. მაგრამ მე მგონი, უბრალოდ, 2008 წელს რაც მოხდა, ეს პროცესი მიმდინარეობს და აგრძელებენ იმას, რისი საშუალებაც მაშინ მიეცათ. თუმცა, შეიძლება, ვილნიუსმა ეს გაამკაცრა", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისკენ სწრაფვას განაგრძობს. მისივე თქმით, გაუგებარია რუსეთის დამოკიდებულება, როდესაც ევროკავშირს ეწინააღმდეგება.

"რა აქვს საწინააღმდეგო რუსეთს ევროკავშირთან, ჩემთვის წარმოუდგენელია. რუსეთის მხრიდან NATO-ს უარყოფის გაგება კიდევ შეიძლება, რადგან სამხედრო ორგანიზაციაა, მაგრამ ვერ ვხვდები, რა უნდა ევროკავშირთან", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები