ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა თემაზე - საზოგადოების განწყობა საქართველოში.
კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 69% უარყოფითად პასუხობს და მხოლოდ 31% თვლის, რომ დასაქმებულია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოკითხულთა საშუალოდ 37% მიიჩნევს თავს დასაქმებულად, 63% კი უმუშევრად, ხოლო სოფლად თავს დასაქმებულად 27% თვლის, 73% კი აცხადებს, რომ უმუშევარია.
ასევე საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში დასაქმებულად თავს 35% თვლის, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ 28%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).