ფილიპ ლეფორი

ლეფორი: განცხადება, რომელიც გავრცელდა, ჩემი პოზიცია არ არის

azernews.az

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფილიპ ლეფორის თქმით, ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მან თქვა - "სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, დიდი ხანია, განსაზღვრულია", არასწორია. ლეფორმა აღნიშნა, რომ ცხინვალში ყოფნისას მას ინტერვიუ არავისთვის მიუცია. "რა თქმა უნდა, დიპლომატიურ შეხვედრებზე კომენტარის გაკეთებისას სრული თავისუფლება არ მაქვს, მაგრამ ის განცხადება, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, ჩემი პოზიცია არ არის", - განუმარტა ჟურნალისტებს ლეფორმა.

ლეფორმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აქვს ურყევი პოზიცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ეფუძნება.

"ჩვენ ვასრულებთ შუამავლის როლს, რაც ასევე ეფუძნება მიუკერძოებლობას, მედიატორების პატივისცემასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფოკუსირებას ჰუმანიტარულ საკითხებზე. ჩემი მოვალეობაც სწორედ ამ პროცესების ხელშეწყობაა. ჩვენ ვცდილობთ, პროცესი წინ წავწიოთ. სტატუსზე აზრთა სხვადასხვაობა დიდია და მოკლე ვადაში ეს ვერ მოგვარდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმედი არ არსებობს, პირიქით, მჯერა, რომ მოთმინებით, საღი აზრით, კომპრომისით და შერიგებით კონფლიქტის მოგვარების გზა გამოინახება", - თქვა ლეფორმა.

კომენტარები