12 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, ბრაზილია ისტორიაში უკვე მეორედ უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს. რიგით მეოცე მუნდიალი ჩატარდება იქ, სადაც შესაძლოა არ აქვთ საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ულტრათანამედროვე სტადიონები, ქვეყანაში კრიმინალის არცთუ ისე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ იქ იციან მთავარი – ნამდვილი ფეხბურთის ფასი. სწორედ ამიტომ, ბრაზილიელები სტუმრებს შესთავაზებენ ძალიან მაგარ მუნდიალს, საფეხბურთო სამოთხეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოლოდინი აქვს თითოეულს, ვისაც ბრაზილია 2014-ზე აზრი ვკითხეთ.
გთავაზობთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მოსაზრებებს მსოფლიოს რიგით მეოცე ჩემპიონატის შესახებ.
ლევან ბერძენიშვილი – პოლიტიკოსი
მსოფლიოს ჩემპიონატები სხვადასხვანაირია იმ თვალსაზრისით, რომ ხანდახან იცვლება ყველაფერი, ხანდახან კი ჩვეულებრივი ჩემპიონატი ტარდება – უბრალოდ, ვიღაც ხდება ჩემპიონი, ფეხბურთში კი არაჩვეულებრივი არაფერი ხდება. ეს მუნდიალი, ვფიქრობ, ისეთი იქნება, ყველაფერს რომ შეცვლის და გეტყვით რატომ. ბოლო პერიოდში აშკარად ამოწურა თავი მოსაწყენმა ფეხბურთმა. დღეს ამ თამაშს სჭირდება ვარსკვლავები. დღეს საერთოდ არ არის არცერთი ზევარსკვლავი. აქ არიან მესი, რიბერი, რონალდუ, მაგრამ არცერთი არ არის, ვთქვათ, რონალდო, პელე, მარადონა, ზიდანი და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ჩვენი დრო ცოტა მოსაწყენია, მით უმეტეს, რომ მესიმ ბოლო პერიოდში მოუკლო და სრულიად ნათელია – რაღაც უნდა მოხდეს.
ძალიან იშვიათია, როდესაც ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის გარეშე მონაწილეობს. ამ შემთხვევაში, ასეთი მხოლოდ მწვრთნელია. ბრაზილიის ნაკრებში დღეს El Fenomeno-ს დონის ფეხბურთელი არ არის, მაგრამ შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. ძალიან კარგი დაცვა, საკმაოდ კარგი ნახევარდაცვა და თავდასხმა, სადაც ნეიმარია, რომელმაც ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს. ის ისეთ გუნდში, ისეთ პოზიციაზე თამაშობს, რომ შეუძლებელია მესიზე აწყობილ გუნდში არგენტინელი დაჩაგრო. ეს მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზეა შესაძლებელი და არა გუნდში, სადაც ერთ ბუნაგში ორი ლომია, რაც არც მიმაჩნია სწორ იდეად. არის თუ არა ნეიმარი ის დონე, რასაც მისგან ელიან, მუნდიალმა უნდა გამოაჩინოს. ის კი აშკარაა, რომ ნეიმარი უფრო ნაკრების ფეხბურთელია, ვიდრე კლუბის.
მესი ისეთი არგენტინელია, როგორიც შეიძლება იყოს ყოფილი კოლონიიდან წამოსული ფრანგი. მესი არგენტინის გამო თავს არ მოიკლავს, მაშინ როდესაც რონალდოს, ფეხბურთელობაზე მეტად, თავის დროზე სამხედროობა სურდა, რომ ქვეყანა დაეცვა. ბრაზილიაში პატრიოტიზმი ჯერ კიდევ ისეთი ხასიათისაა, როგორიც უნდა იყოს ასეთ ქვეყნებში. იქ ყველა უცხოელი ეზიზღებათ, ყველა შინაური კი უყვართ. ეს ხალხი არ დაუშვებს შიდა დაპირისპირების არანაირ გამოვლინებას, რაც ნაკრებზეც აისახება.
ძალიან კარგია, რომ სკოლარიმ ნაკრებში არ წაიყვანა არცერთი ზეგამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც იქ ბრაზილიური წესების მიხედვით ლიდერობს. სკოლარისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან მკაცრი მწვრთნელია. ის, რომ წარმოშობით იტალიელია, ბრაზილიელებისთვის ნიშნავს, რომ მაღალი კლასისაა. იქ იტალიური წარმოშობა ძალიან ფასობს. გუნდში არ არის რონალდინიო, რომელიც ქალების გამო ვარჯიშებს გააცდენს. ვნახოთ, როგორ შეძლებს ბრაზილიის ასეთი ნაკრები უფრო მეტის გაკეთებას, ვიდრე შეუძლია. ბრაზილიისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ჩემპიონობაა, მეორე ადგილს კი სჯობს, ჯგუფიდანაც ვერ გავიდნენ.
დათო ტურაშვილი – მწერალი
მომავალი მუნდიალისგან, უპირველესად, ველი ლამაზ სანახაობას, რადგან ნამდვილი შოუ, სამწუხაროდ, არ გვაქვს არცერთ არხზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქართული ტელეკომპანია (ზოგჯერ), მეგაშოუსაც კი უწოდებს საკუთარ დანაშაულს. რაც შეეხება ფეხბურთს, მე მას არ განვიხილავ, როგორც მხოლოდ სპორტის სახეობას და ამიტომაც ბავშვობიდან ვქომაგობ მხოლოდ იბერიელ ნათესავებს (ესპანელებსა და არგენტინელებს). თუმცა ერთხელ (კონკრეტულად კი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე), იტალიელებს ვგულშემატკივრობდი რამდენიმე მიზეზის გამო და მათ შორის იყო ეტრუსკული ფაქტორიც. ჩემი პირველი სიყვარული კი, რა თქმა უნდა, არგენტინაა, სამი მიზეზის გამო: ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო 1978 წლის არგენტინული დღესასწაული და ბავშვობის შთაბეჭდილება, მართლა მარადიული ემოციაა. მეორე მიზეზი, რასაკვირველია, დიეგო მარადონაა, რომლის მსგავსი, არაფერი შობილა ფეხბურთისთვის და მესამე და (შეიძლება) მთავარი, პოლიტიკურ ელფერსაც შეიცავს – არგენტინა პირველი ქვეყანაა (არამეზობლებს შორის), რომელმაც 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა...
ობიექტურად ორი მთავარი მინუსი აქვს ესპანეთის ნაკრებს: ყველაზე გააფთრებითა და მონდომებით, როგორც წესი, ყველანი ჩემპიონებს ეთამაშებიან. და მეორე – ნებისმიერ გუნდს შეუძლია მათი თამაშის ისე შესწავლა, როგორც ეს „ბარსას" შემთხვევაში მოხდა, მაგრამ იმედია, მათ ადვილად ვერ დაამარცხებენ და ჩვენც მათი თამაშისგან, ამ ზაფხულსაც მივიღებთ დიდ სიამოვნებას.
იმედია, რომ ივნისამდე ჯერ კიდევ არის დრო და ლეო მესი, მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნის გადაკითხვას მოასწრებს, სადაც ყველაზე კარგად არის ახსნილი ნაკრების მაისურის არსი და ლეო მესიც სულ სხვა დღესასწაულს გვაჩუქებს. სხვათა შორის, ბრაზილიაში ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ არგენტინელები ურუგვაელებივით არ მოიქცნენ, რომლებმაც 1950 წელს, „მარაკანაზე" დაამარცხეს მასპინძლები. თუმცა მთავარი მაინც საფეხბურთო ზეიმია და თუ ბევრი კარგი მატჩი იქნება მოახლოებულ მუნდიალზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ბევრი დაუვიწყარი საღამო გველის და ისეთ სიამოვნებას მივიღებთ, რომელსაც ვერაფერი შეედრება...
ოთარ ტატიშვილი – ექიმი, იუმორისტი
ბევრი კარგი გუნდია, ბევრი კარგი ფეხბურთელი ითამაშებს. თუმცა, ტრავმებიც არის – გული დამწყდება, თუ ფალკაო არ იქნება კოლუმბიის ნაკრებში და, მაგალითად, დი მარიასაც ტრავმა აქვს. საქმე იმაში კი არ არის, რომ ასეთი ფეხბურთელები გუნდში ირიცხებოდნენ, არამედ მათ უნდა გვაჩვენონ საუკეთესო თამაში.
ბევრი ისეთი გუნდია, ვისგანაც სიურპრიზს ველი. ასეთია ჩემთვის კოტ დ'ივუარის ნაკრები, ასევე ბოსნიისა და ბელგიის ეროვნული გუნდები. ძალიან საინტერესოა, ურუგვაი როგორ ითამაშებს, რადგან ლუის სუარესი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და არც სხვა ფეხბურთელები არიან ჩამოსაწერნი. ველი, რომ იქნება ფეხბურთის დიდი ზეიმი, ბევრი კარგი ნაკრებისა და ფეხბურთელის მონაწილეობით.
მე ჰოლანდიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ და რა თქმა უნდა მსურს, რომ ყველა ტურნირში გაიმარჯვოს, თუმცა ობიექტურად ეს რთული გასაკეთებელი იქნება. რობინ ვან პერსი მუნდიალს იდეალურ ფორმაში ვერ შეხვდება, ასევე პრობლემაა, რომ კლუბებში გადამწყვეტი ფიგურები უკვე ასაკში არიან, მაგალითად, არიენ რობენი და უესლი სნეიდერი. დღეს ვერც ვან დერ ვაარტი, ვერც ელჯერო ელია, ან იგივე იბრაჰიმ აფელაი, ვერ წარმოადგენენ დიდ ძალას. დაცვის ხაზი, სამწუხაროდ, საკმაოდ ასაკოვანია. ახალგაზრდა თაობაც მაინცდამაინც ისეთი კაშკაშა არ არის და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ვან გალის წარმატება გუნდის მეოთხედფინალში გაყვანა იქნება. თუ ჰოლანდია მოხვდება პირველ რვა გუნდში, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ეს წარმატება იქნება. თუმცა, არავინ იცის რა მოხდება, სიურპრიზებისგან არავინაა დაზღვეული და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი საყვარელი ნაკრები უფრო შორსაც წავა.
გიორგი ბაქრაძე – ეკონომისტი
კარგა ხანია, მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში არ ჩატარებულა. მოლოდინი დიდია, რადგან იქ სხვა ტიპის ხალხია, რომელიც სულ სხვანაირად უდგება ფეხბურთს. უდიდესი ფაქტორია, რომ მუნდიალი ბრაზილიაში ჩატარდება და ნეიტრალური გულშემატკივრის მხრიდან არის მოლოდინი, რომ ბრაზილია გაიმარჯვებს. იდეალურ ვარიანტში, ჩემთვის საუკეთესო ფინალი იქნებოდა ბრაზილია-ურუგვაი, რომელსაც მასპინძლები მოიგებდნენ.
ასე ვთქვათ, ნაკლებად ფავორიტი გუნდებიდან ყველაზე მეტს პორტუგალიისგან ველი. რონალდუსთვის რეალურად ეს ბოლო შანსია, რომ გაიბრწყინოს. პირადად ის ძალიან მომწონს. გუნდი პორტუგალიელს მისნაირად ძლიერი არ ჰყავს, მაგრამ არ გამიკვირდება მათი ნახევარფინალში ნახვა. განსხვავებით, მაგალითად, არგენტინის ნაკრებისგან, პორტუგალიელებს უკეთესი დაცვა ჰყავთ. თუნდაც ამიტომ, მგონი რონალდუს მეტი შანსი აქვს, რომ გაიბრწყინოს, ვიდრე მესის.
ვფიქრობ, ინგლისის ნაკრებს ერთადერთი პრობლემა რაც შეიძლება ჰქონდეს, ეს ჯერარდის ტრავმა იქნება. ის წლევანდელი მდგომარეობით უკანდაწეული პლეიმეიკერია, როგორიც გუნდში მეორე არ არის. ამიტომ, იმედია, ლივერპულის ლეგენდას არაფერი მოუვა და ჯანმრთელად იქნება, თორემ ინგლისს სერიოზული პრობლემა შეექმნება.
ძალიან მეუცნაურა ეშლი კოულის არწაყვანა. შეიძლება ეს ფეხბურთელი ჩელსიში ბოლო დროს ნაკლებად თამაშობს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბეინსი ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საქმე მუნდიალს ეხება, ვფიქრობ, ეშლი კოული განაცხადში უნდა გყავდეს, ამიტომ ეს შეცდომად მიმაჩნია.
ინგლისს გაუმართლა, რომ პირველი თამაში იტალიასთან აქვს, გუნდთან, რომელიც ტრადიციულად ცუდად იწყებს. მგონია, რომ ჯგუფიდან ინგლისთან ერთად ურუგვაი გავა. ამის შემდეგ, გააჩნია ვის შეხვდება, მაგრამ ერთ კონკრეტულ მატჩში ინგლისი განწირული არავისთან იქნება.
დათო ფორჩხიძე – მუსიკოსი
ვფიქრობ, დღეს ფეხბურთში პატარა კრიზისია, არის ორხელისუფლებიანობა. ორი სუპერვარსკვლავი არსებობს, რაც 2006 წელს არ იყო. რონალდუს პორტუგალია თუ დაძვრა ჯგუფიდან, შემდეგ უკვე შეიძლება ნორმალური გზა ჰქონდეს, მაგრამ დიდ წარმატებებს მაინც ვერ ვუწინასწარმეტყველებთ. რაც შეეხება მესის არგენტინას, მეოთხედფინალამდე არა მგონია მას რაიმე პრობლემა შეექმნას.
როდესაც ვიღაცები ამბობენ, რომ სამხრეთამერიკულ ფეხბურთს გულშემატკივრობენ, რადგან იქ მეტი სილამაზე და ინდივიდუალიზმია, ეს დებულებები ჩემთან აღარ მოდის. დაირღვა ბალანსი, სხვადასხვა სკოლები აღარ არსებობს, ყველაფერი აირია და ვინც კონკრეტულ მატჩში უფრო კარგად ასპარეზობს, ის იმარჯვებს.
საფრანგეთს ჯგუფის მხრივაც გაუმართლა და ისედაც, ცუდი გუნდი არ ჰყავს. ჩემპიონობაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ დეშამის გუნდს შორს გასვლა შეუძლია. ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ფრანგები ჯგუფში ჩარჩნენ, მით უმეტეს რომ ეს ის გუნდი აღარ არის, თავდაჯერებულები გამოვიდნენ, როგორც ეს 2002-ში მოხდა. ჩემი პროგნოზი საფრანგეთისთვის მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლაა.
საფრანგეთს ჰყავს როგორც ყოველთვის კარგი მეკარე, კარგი კი არა, ზედმეტად კარგი ნახევარდაცვაც კი და მშვენიერ ფორმაში მყოფი ბენზემა წინ. ცოტა გაურკვეველია, თუ ვინ იქნებიან ცენტრალური მცველები, მაგრამ აქაც დიდი პრობლემა არ იქნება. ერთი რაც არის, გუნდში არ არის ზიდანის მსგავსი ფიგურა. რიბერი ვერასოდეს იქნება ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. მესიც და რონალდუც ფრანგზე უკეთესები არიან, ისეთები, მთელი მატჩის ბედს რომ წყვეტენ. საერთოდ, როდესაც გულშემატკივრები მესის ან რონალდუს შედარებას ახდენენ ზიდანთან, ვეტყვი, რომ ორივე ერთად გააერთიანონ და მასთან შანსის ნასახიც კი არ ექნებოდათ. რიბერი მაინც რიბერია და მისი გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში. საერთო ჯამში, საფრანგეთისგან რაღაც გრანდიოზულს არ ველი, მაგრამ მგონია, რომ მუნდიალზე ბევრს გაამწარებს.
რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ჩემი აზრით, ისეთი მესი, რომელიც მთელ მოედანს ატყუებდა და გოლები გაჰქონდა, საშვილიშვილოდ დასრულდა და აღარასოდეს იქნება. უნდა მივეჩვიოთ ისეთ მესის, რომელიც ასევე მაგარია, ოღონდ იმდენი გოლები ვეღარ გააქვს. ასეთი მესი – პასების დამრიგებელი და გუნდურად მოთამაშე, არანაკლებად საინტერესოა და სწორედ ასეთს ველი მე მას მუნდიალზე. თუმცა იმაზე, რომ არგენტინელი ამ ჩემპიონატზე 2-3 გოლს ნამდვილად გაიტანს, ფსონს ჩამოვდივარ. მესი პირველ თამაშში გოლს აუცილებლად გაიტანს.
გიორგი ჯანელიძე – იუმორისტი
დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო ჩემპიონატი იქნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ის მოიგებს, ვისაც აქამდე მოუგია. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ასეთებს კონკურენცია გაუწიოს, ბელგია მგონია, რომელსაც კარგი შემადგენლობა ჰყავს. ბრაზილიელებს კარგი შანსი აქვთ გამარჯვების, კარგი ქვეჯგუფი აქვს არგენტინას, ურუგვაის – ცუდი. კოლუმბიელებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ ცალკე აღებული, მაგრამ ერთად რას იზამენ, ვნახოთ. ჩილეც არ არის ურიგო გუნდი, მაგრამ ცუდ ქვეჯგუფში მოხვდა. ძველი წესი რომ იყოს, როდესაც კარგი მესამეადგილოსნები გადიოდნენ, ყველაფერი უფრო საინტერესო იქნებოდა. ეს ხუმრობით, ისე კი, კიდევ რომ გავყვეთ, ჰოლანდიისგანაც არ ველი მუნდიალზე რაიმე განსაკუთრებულს, რადგან შემადგენლობა არ არის შთამბეჭდავი.
დღეს ფეხბურთი იმდენად შუქდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალ ვარსკვლავს საერთოდ არ ველი. კარგი საფეხბურთო ნაკრებებიდან ყველა ვიცით, ცუდებს კი ასეთები იშვიათად ჰყავთ და თუ არიან ასეთები, ჩვენთვის უცნობებიც არ რჩებიან.
დღევანდელ იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, მას ყველაფერზე შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს. იმაზე მეტად, ვიდრე 2006 წელს გამიკვირდა სკუადრა აძურას ჩემპიონობა, წელს ნამდვილად არ გამიკვირდება. წინ ბალოტელი ჰყავთ, დაცვაში ვინც არ უნდა ჰყავდეთ, რა გვარიც არ უნდა იყოს, იტალიელებმა ეს საქმე იციან. შუა ხაზში არის პირლო, რომელმაც ალბათ დღეს ბურთს რა უნდა უქნას კონკრეტულ მომენტში, ყველაზე კარგად იცის მსოფლიოში. დანარჩენი, შიგნით ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ინგლისის მსგავსად, ერთმანეთის ცოლებთან ძრომიალის ამბავი არ გაგვიგონია. ისეც, ვფიქრობ, იტალიას უკეთესი შანსი აქვს ამ მუნდიალზე, ვიდრე ინგლისს.
შარშან ერევანში ვნახე იტალიელების თამაში. ეს გუნდი პირლოზეა აწყობილი და ისიც ლიდერის ფუნქციებს შესანიშნავად ითავსებს. ეს ფეხბურთელი პასებს შესანიშნავად არიგებს და ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს თავდამსხმელის პოზიციაზე, ნებისმიერისთვის დიდი კომფორტია პირლოსნაირი პარტნიორის ყოლა. ასე რომ, იტალიისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.
გიგა ბოკერია – პოლიტიკოსი
შეიძლება ამას არ ჰქონდეს ძალიან რაციონალური ახსნა, მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს, გამოვა, რომ საფეხბურთო ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველთვის უკეთესი გამოდის. ამიტომ, არის მოლოდინი, რომ კიდევ ერთ დიდ და ღირსშესანიშნავ ტურნირს ვნახავთ. დროის ფაქტორიც მოხსნილია – რომ გადავხედე, ნორმალურ დროს ემთხვევა თამაშები და მოკლედ, მაგარი მუნდიალის იმედი მაქვს.
ვერ ვიტყვი, რომ ველი ისეთი ფეხბურთელის გაბრწყინებას, ვისი გვარიც აქამდე არ გამიგონია. მე ბავშვობიდან არგენტინას ვგულშემატკივრობ, იმ არანორმალური ვითარების გამო, რომ სამწუხაროდ ჩვენ საკუთარი გუნდი არ გვყავდა. ამის მიუხედავად, მე სუარესის თამაშის ნახვა მსურს. ის გამორჩეული მოთამაშეა, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ურუგვაის ქვეჯგუფიც საკმაოდ საინტერესოა. საერთოდაც, ეს გუნდი ძალიან შეკრული და მებრძოლი სულის მატარებელია, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ჩემთვის მთავარი მოულოდნელობა იყო არგენტინის ნაკრებში მალაგას მეკარის, კაბალიეროს არწაყვანა. შესაძლოა რომერო კარგი მეკარე იყო, მაგრამ როდესაც სეზონში არ უთამაშია, ახლა პირველ მეკარედ მისი გამოძახება, არ მგონია სწორი იყოს.
მეკარის შემდეგ, გაუგებარია კამბიასოს არგამოძახება. გაგოს ტრავმა აქვს მოსაშუშებელი და ამ ფონზე, თუ ბილიას ან ბანეგას რაიმე შეემთხვა, კამბიასოს კლასისა და გამოცდილების ფეხბურთელზე უარის თქმა არასწორი მგონია. პირადად, იკარდიზე უარის თქმაც პრობლემა მგონია. ის მშვენიერი შემცვლელი იქნებოდა იგუაინისთვის. დაცვაში სიურპრიზები არ არის – დემიკელისი და გონზალო ლოგიკური არჩევანი იყო, ერთადერთი მარცხენა მცველის პოზიციაა არგენტინის დარი გუნდისთვის სუსტი. საერთო ჯამში, ყველაზე დიდი პრობლემა შუა ხაზი მგონია. გაგოს, ბილიას, ბანეგას ფორმა სერიოზული სარისკო ფაქტორია.
რაც სიამოვნებას მომანიჭებს, ეს იქნება არგენტინის ჩემპიონობა და არაფერი სხვა. ჩავარდნად ჩაითვლება ოთხეულში ვერგასვლა, ეს კატასტროფა იქნება. მით უმეტეს, რომ მე რაც მახსოვს, ასეთი სუსტი ჯგუფი არგენტინას არასოდეს ჰქონია. შემდეგაც, მერვედფინალში იმის შანსი, რომ სერიოზული გუნდი დაეჯახოს, ფაქტობრივად, არ არსებობს და გამოდის, რომ პირველი სერიოზული თამაში არგენტინას მეოთხედფინალში ელის. ამიტომ, ოთხეულში არგასვლა კატასტროფა იქნება.
ამ შესარჩევ ეტაპზე, პირველად იმ პერიოდში, რასაც მესის ვუყურებ არგენტინის ნაკრებში, იყო ლიდერი. გუნდიც კარგად თამაშობდა, თუ არ ჩავთვლით ორ თამაშს და მესიც საკვანძო თამაშებში აჩენდა ლიდერის თვისებებს. ამიტომ, კლიშეს, რომ მესი ნაკრებში ვერ თამაშობს, არსებობის უფლება არ აქვს. წინ ვისთან ერთადაც თამაშობს, კარგად არის შეწყობილი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. უარყოფითი ის არის, რომ ბოლო დროს კარგ ფორმაში ვერ არის და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც უკეთესის სურვილს ტოვებს. მე მაინც მგონია, რომ მესის პრობლემა არ ექნება და ეს მისთვის საუკეთესო ჩემპიონატი იქნება. უფრო იმაზე ვღელავ, რა პრობლემებზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ჩემი მოლოდინი მესისთან ერთად, იგუაინის, დი მარიას და აგუეროსგან, არის ლამაზი და შეტევითი თამაშის ნახვა.
ალექსანდრე იაშვილი – ფეხბურთელი
პირველ რიგში, ჩემპიონატზე პირადი ინტერესი მაქვს კამერუნის ნაკრების მიმართ. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფოლკერ ფინკეა, რომელიც, გარდა იმისა, რომ 11 წლის განმავლობაში ფრაიბურგში ჩემი მწვრთნელი იყო, ახლო მეგობარიცაა. ამიტომ, კამერუნელებს ვუგულშემატკივრებ და ვისურვებდი, რომ ჯგუფიდან გასულიყვნენ. ასევე საინტერესოა ბელგიის ნაკრები, რადგან შესარჩევ ეტაპზე, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, ახალგაზრდა და ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.
როდესაც გერმანიაში სათამაშოდ წავედი, მათი ნაკრები საერთოდ სხვა ფეხბურთს თამაშობდა. გუნდი დამოკიდებული იყო ლიდერებზე: კანი, ზამერი, ეფენბერგი – ამ ფეხბურთელებზე იდგნენ დანარჩენები. მომდევნო წლებში, ასეთი მახსენდება ბალაკი, რის მერეც ნელ-ნელა სისტემა შეიცვალა და კლინსმანსა თუ ლიოვს, ამის გამო, გერმანიაში დღემდე ედავებიან. ისეთ მნიშვნელოვან თამაშებში, როგორიცაა ნახევარფინალი, ან ფინალი, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდება ლიდერი, თუ არ წავა თამაში, ხალხი სწორედ ასეთი ფეხბურთის არარსებობას აბრალებს. ამიტომ, შვაინშტაიგერს, ლამს – ფეხბურთელებს, რომლებმაც საკლუბო დონეზე წარმატებებს მიაღწიეს, ამ მუნდიალზე მეტს სთხოვენ და ელიან, რომ იმავე სიმაღლეებს ნაკრებშიც მიაღწევენ.
რაც შეეხება თავად მწვრთნელ ლიოვს და ნაკრების მენეჯერ ბირჰოფს, ისინი არ ამბობენ, რომ გერმანიის ნაკრების მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სინამდვილეში ყველა ამას ელის.
დღევანდელი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მაქვს ნათამაშები. როისი, კროოსი, მიულერი, შურლე, გიოტცე – ეს ბიჭები, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდები არიან. გერმანიას არ ჰყავს მესი ან რონალდუ, მაგრამ მათი სიძლიერე იმაშია, რომ ყველა პოზიციაზე ორი-სამი ძლიერი ფეხბურთელი ირიცხება. ამის გარდა, გუნდური თამაში ბუნდესგუნდს ძალიან კარგად გამოსდის.
მახსოვს, როდესაც არაგონესმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა რაული, დიდი კრიტიკა დაატყდა, მაგრამ როდესაც მისმა გუნდმა ჩემპიონატი მოიგო, აღმოჩნდა, რომ მწვრთნელი მართალი იყო. ახლაც ამბობენ, რომ ლიოვს გომესი უნდა წაეყვანა, მან კი გუნდში ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა, მათ შორის მოხვდა ლეონ გორეცკა, რომელიც შარშან ჩემთან ერთად ბოხუმში თამაშობდა. ვფიქრობ, ჯერ მთავარია გუნდი როგორ ითამაშებს, რა შედეგს მიაღწევს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, თუ რა გააკეთა მწვრთნელმა სწორად და რა – არა.