სოფლის მეურნეობა

სუბსიდირებული აგროდაზღვევით წვრილი და საშუალო ფერმერები ისარგებლებენ

სიმინდის ფერმერი
ტაბულა

პირველი სექტემბრიდან სოფლის მეურენობის სამინისტროს სუბსიდირებით აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდა, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს სტიქიური მოვლენებისგან დააზღვიონ საკუთარი ნაკვეთები. პროგრამაში კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი, ირაო და სადაზღვევო კომპანია ქართუ არიან ჩართულნი. დაზღვევის მსურველებს უკვე შეუძლიათ მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს.

პროგრამა წვრილ და საშუალო ფერმერული მეურნეობებისთვის არის გათვლილი, ახალი აგროდაზღვევით სარგებლობა წვრილ და საშუალო ზომის სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებსაც შეეძლებათ. აგროდაზღვევის პროექტით გათვალისწინებულია ინდივიდებისათვის გასაცემი მაქსიმუმ 30 000 ლარიანი სადაზღვევო პრემია, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 000 ლარიანი პრემია. სახელმწიფო სხვადასხვა კულტურებს განსხვავებულად გაუწევს სუბსიდირებას. ზოგიერთ პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობა 95% შეიძლება იყოს.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის წევრმა აგროექსპერტმა ანდრო ხეთერელმა ტაბულას განუცხადა, რომ პროექტი გლეხებს, მათ ვისაც საკუთარი სახსრებით დაზღვევით სარგებლობა არ შეეძლოთ მიწების ხელმწისაწვდომად დაზღვევის საშუალებას მისცემს. ხეთერელის განცხადებით მსხვილი ფერმერული მეურნეობები მართალია გარკვეულწილად არათანაბარ მდგომარეობაში არიან რადგანაც მათ პროგრამით სარგებლობა არ შეუძლიათ, თუმცა მისი თქმით მსხვილ ფერმერებს საკუთარი სახსრებითაც შეუძლიათ მეურნეობების დაზღვევა.

ეკონომისტ გიგლა მიქაუტაძის თქმით აგროდაზღვევის ახალი პროგრამა ქვეყნისათვის მეტად დროულია, რადგანაც აქამდე სტიქიური უბედურებების შემდგომ სახელმწიფოს უწევდა მიყენებული ზარალის აღწერა და სპეციალური კომისიების შემქნა, ხოლო აგროდაზღვევის პირობებში კი ზარალის ანაზღაურებას კერძო სადაზღვევო კომპანიები მოახდენენ. მისივე განცხადებით მისასალმებელია, რომ სადაზღვევო კომპანიები დაინტერესდნენ აგროდაზღვევით, რადგანაც აქამდე კომპანიები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. თუმცა ეკონომისტი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ დაზღვევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მსხვილ ფერმერებსაც შეძლებოდათ, რადგანაც მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებისა და წახალისება არის ძლიერი სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი.

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ უკვე შეისწავლეს ქართული ბაზარი და რისკების შეფასებაც მოახდინეს. უკანასკნელ პერიოდამდე მაღალი რისკის გამო სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა აგროდაზღვევას. ისინი პირველ მსურველებს კვირის ბოლომდე მიიღებენ.

პროგრამა საპილოტეა ის ერთი წლის მანძილზე იმოქმედებს. პროექტის ბიუჯეტი ხუთ მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები